ელექტრონიკის მწარმოებელი იაპონური კომპანია Sony ქვეყნის ხელისუფლებას ქარხნების დახურვასთან დაკავშირებით აფრთხილებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იაპონიაში სათანადოდ არ განვითარდება განახლებადი ენერგიის გამომუშავების მიმართულება.
ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი კომპანიის ადმინისტრაციული რეფორმირების ხელმძღვანელზე ტარო კონოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნოემბრის დასაწყისში Sony-სა და კიდევ რამდენიმე სხვა კომპანიის წარმომადგენლებმა, მათ შორის, კოსმეტიკის, საოჯახო ტექნიკისა და ქიმიის მწარმოებლებმა შეხვედრა გამართეს კონოსთან, სადაც გამოხატეს წუხილი ქვეყანაში „მწვანე“ ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით.
„მათ მითხრეს, რომ უჭირთ განახლებადი რესურსებიდან გამომუშავებული ენერგიის შეძენა იაპონიაში. რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო ფასი მაღალი. ამიტომ მათი განცხადებით, ჩვენ გვჭირდება ამ მიმარულებით მეტი აქტიურობა, თუ არადა მათ მოუწევთ იაპონიის დატოვება“ - განაცხადა კონომ.
უფრო კონკრეტულად, Sony-ში ირწმუნებიან, რომ წნეხს გრძნობენ ამერიკული ციფრული გიგანტის Apple-ისგან, რომელიც მოითხოვს მისი მომწოდებლები გადავიდნენ ენერგიის სუფთა წყაროს გამოყენებაზე. Sony-ის ევროპული სიმძლავრეები უკვე სრულად გადასულია განახლებად ენერგიაზე, ჩინეთში ეს მომავალი წლიდან მოხდება, ჩრდილოეთ ამერიკაში კი 2030 წლისთვის - აღნიშნავს გამოცემა.
ამ დროს კი იაპონია ჩამორჩება სხვა ქვეყნებს განახლებადი ენერგეტიკის განვითარების კუთხით, მათ შორის, მოქმედი ცალკეული ნორმატიული აქტების გამო, რომლებიც აფერხებენ მის განვითარებას. იაპონიის ხელისუფლებამ დაისახა მიზნად გაზარდოს განახლებადი ენერგიიდან მიღებული ენერგიის წილი, არსებული 17%-დან 24%-მდე უკვე 2030 წლისთვის. თუმცა Sony და სხვა კომპანიები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის, რათა გადაწყდეს პრობლემა და საჭიროა 10 წელიწადში წილი გაიზარდოს 40%-მდე.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დაისახა მიზნად 2050 წლამდე ქვეყანაში ნულამდე დავიდეს ნახშიროჟანგის ატმოსფეროში გაფრქვევა, მათ შორის „მწვანე“ ენერგეტიკის განვითარების ხარჯზე.