კახა კალაძის განცხადებით, სესხები გადაუვადდებათ იმ ობიექტებში დასაქმებულებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოხდება სესხების გადავადება იმ ობიექტებში დასაქმებულ პირთთავის, რომელთა საქმიანობა დამატებით იზღუდება. როგორც კალაძემ აღნიშნა, შუამდგომლობა მოხდება ბანკებთან. მისივე განმარტებებით, ამასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებულია, „რადგან ამ ადამიანებს მდგომარეობა ყველანაირად შევუმსუბუქოთ“.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პანდემიის გამო წარმოდგენილ დახმარებების იმ პაკეტზე, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის ცნობილი გუშინ გახდა.

„300 - ლარიანი დახმარება შეზღუდულ ობიექტებში დასაქმებულ პირთათვის - ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 200 000-მდე პირი იქნება, ეს არის ერთჯერადი დახმარება;

კომუნალური ხარჯების სუბსიდირება 4 თვის განმავლობაში, ნოემბრიდან თებერვლის განმავლობაში - სავარაუდოდ, ეს სუბსიდირება შეეხება მილიონზე მეტ ადამიანს;

1 200 ლარიანი - დახმარება სამსახურდაკარგულ პირთათვის, იანვრიდან ივნისის თვემდე, 6 თვის განმავლობაში - ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა იქნება 125 000 ადამიანი, ეს არის 200 - ლარიანი დახმარებები;

0-დან 100 000- ქულამდე ოჯახებისთვის 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვით, 100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში, იანვრიდან ივნისის ჩათვლით სავარაუდოდ შეეხება 24 000 ოჯახს;

ასევე, 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირთათვის 100 ლარიანი დახმარება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა არის 43 000 პირი“. - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაზე.

„1 500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება დეკემბერიდან მაისის თვის ჩათვლით. ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობაა 33 000 კომპანია და 425 000 პირი;

ტურიზმის სექტორი: სასტუმროები, რესტორნები 2021 წელს გათავისუფლდებიან ქონების გადასახდისგან, ასევე ტურიზმის სექტორი 2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახდიდან გათავისუფლდება, რესტორნების და სასტუმროების სესხების სუბსიდირება 6 თვის განნმავლობაში - ბენეფიციარების რაოდენობაა 1 400 კომპანია;

სესხების გადავადება კომპანიებისთვის - 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო საგარანტიო ფონდების მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს, როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე ახალი სესხების მოზიდვაში“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მომდევნო კვირიდან დაიწყებენ მუშაობას იმისთვის, რომ დაეხმარონ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა და მხარდაჭერა. ამასთან, კალაძემ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, ბიზნსსექტორს მხარდაჭერისთვის.