თბილისის 5 სავაჭრო მოლი მთავრობას მიმართავს - რა მოთხოვნები აქვთ კომპანიებს

თბილისში მოქმედი დიდი სავაჭრო ცენტრები - „თბილისი მოლი“, „ისთ ფოინთი“, „თბილისი ცენტრალი“, „ქარვასლა“, „სითი მოლი“ და „გლდანი მოლი“ მთავრობას მიმართავენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ მოთხოვნებს, რომელსაც სავაჭრო მოლები აყენებენ:

  • გაიხსნას და მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშულაბა 15 დეკემბირდან - 3 იანვრის ჩათვლით. დროის ამ მონაკვეთზე მომხმარებელთა გადანაწილება რეალურად შეამცირებს მასიური თავყრილობების რისკს და ინფექციის გავრცელების ალბათობას.
  • 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადის გაუქმება, რომლის გადახდის ვადაც იწურება 30 ნოემბერს. ეს საშუალებას მოგვცემს გამოთავისუფლებული თანხები მივმართოთ საოპერაციო სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ასევე მინიმუმ შემდგომი 4 თვის განმავლობაში შევინარჩუნოთ დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი.
  • 750 ლარამდე ხელფასზე დაწესებული საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე არსებული შეღავათის გაგრძელება 2021 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე.
  • ბანკებთან საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებებში ეროვნული ბანკის ჩართვა და დახმარება, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება სესხების 12 თვიანი საშეღავათო პერიოდით რეფინანსირებაზე და ამავე დროს მინიმუმ 6 თვის საპროცენტო ხარჯის სუბსიდირება. ამ პერიოდში საბანკო სექტორი მიიღებს საპროცენტო შემოსავალს, რაც მათთვისაც კრიტიკულია.
  • ვაცხადებთ მზაობას, რომ ოპერატიულად გავაგრძელოთ მუშაობა სამთავრობო სტრუქტურებთან სამუშაო ჯგუფის ფარგლებში და განვიხილოთ ყველა ზემოთ ნახსენები საკითხი, რომ ერთად ვიპოვიოთ შექმნილი კრიზისის მინიმალური დანაკარეგბით გადატანის გზები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზემოთჩამოთვლილ სავაჭრო ცენტრებში პირდაპირ დასაქმებულია 2000–მდე თანამშრომელი (მოლის ადმინიტრაცია, მომსახურება), ხოლო მაღაზიებში პირდაპირ არის დასაქმებული 15 000–მდე თანამშრომელი; „სავაჭრო ცენტრში არაპირდაპირ დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა გაცილებით მეტია. ჩვენ, ჩვენი რესურსებით მოვახერხეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში თანამშრომელთა ამ რაოდენობის შენარჩუნება, თუმცა რესურსი სრულად, წინასწარ და გადაჭარბებით გახარჯულია. ასევე, ამოწურულია ყველა ის ლიმიტი, რაზე გათვლაც გვქონდა ოპერირების აღდგენიდან წლის ბოლომდე. ოპერირების შეზღუდვის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნებას ბიზნესი ვერ შეძლებს“, - წერია განცხადებაში.