გრიგოლ გეგელია - მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური დახმარების პაკეტი მოქალაქეების დაცინვაა

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური დახმარების პაკეტი მოქალაქეების დაცინვაა.

მისი თქმით, მთავრობა მოქალაქეებს შიმშილისთვის წირავს.

„სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს შიმშილისთვის წირავს. რთული ზამთრისთვის იმ ფონზე, რა მდგომარეობაშიც დღეს საქართველოს ეკონომიკა და ლარი იმყოფება, ეს 100, 200 და 300 - ლარიანი ე.წ. დახმარება უბრალოდ დაცინვაა და სხვა არაფერი. ეს დახმარება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება საარსებო მინიმუმს, რომელიც ამავე ხელისუფლების მიერაა დადგენილი და თავის მხრივ, რეალურ ვითარებას არ შეესაბამება. ჩვენ გვახსოვს ის რამდენიმეთვიანი ცირკი, როდესაც ის მიზერული დახმარებებიც კი, რომელიც მთავრობამ შესთავაზა მოქალაქეებს, კაციშვილს არ მიუღია და განსაკუთრებით თვითდასაქმებული ადამიანები დაიჩაგრნენ“,-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულები ერთჯერად 300 - ლარიან, ხოლო ფორმალურად დასაქმებულები 6 თვის განმავლობაში ჯამში 1 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.