„ინვესტორების დარწმუნება საკმაოდ რთული იყო, ვიმეორებდით, რომ საქართველოში „ლოქდაუნი“ არ იქნება, რომ 2021-ში ეკონომიკა დაიწყებს საწყის ნიშნულზე დაბრუნებას, რითაც ეს პროექტები წამოვიღეთ. თუმცა, იმას, რაც 2021-ში იყო დაგეგმილი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს შემდეგი 2-3 თვის შედეგები“,- ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
საუბარია, ქვეყანაში ახალი ბრედების შემოყვანასა და 6 ახალი მაღაზიის გახსნაზე, რომელსაც კომპანია გეგმავდა, თუმცა არსებულმა კოვიდ ვითარებამ, პროექტები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
„2021 წლისთვის დაგეგმილი გვქონდა 6 მაღაზიის გახსნა, ახალი ბრენდების შემოყვანა, რომელიც იქნებოდა დამატებითი სამუშაო ადგილები. ასეთ პერიოდში, ინვესტორების დარწმუნება საკმაოდ რთული იყო, ჩვენ ვიმეორებდით, რომ საქართველოში „ლოქდაუნი“ არ იქნება, რომ 2021-ში ეკონომიკა დაიწყებს საწყის ნიშნულზე დაბრუნებას, რითაც ეს პროექტები წამოვღეთ. თუმცა, იმას, რაც 2021-ში იყო დაგეგმილი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს შემდეგი 2-3 თვის შედეგები“,- აცხადებს რეზო მაღალაშვილი.
როგორც ის განმარტავს, დღეის მდგომარეობით ცალსახად თქმა, რომ ახალი ბრენდები მაინც შემოვლენ, ან - ვეღარ, შეუძლებელია.
„წინა დღეების მდგომარეობით, შემოდიოდნენ, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი იქნება დეკემბერი. იმიტომ, რომ მთლიანი წლის ბრუნვის 25% სწორედ ამ თვეზე მოდის. იანვარ-თებერვალი არის ორი ყველაზე ცუდი თვე „რითელში“. დეკემბერმა უნდა გამოკვებოს იანვარ-თებერვალი. თუ შეზღუდვების გამო დეკემბერი სუსტი იქნება, იანვარ-თებერვალი კიდევ უფრო დამძიმდება. შესაბამისად, ფულადი სახსრები იმისთვის, რომ 2021-ში პროექტები განვახორციელოთ, აღარ იქნება. მეტიც, ასეთ ვითარებაში არა მარტო ახალი პროექტების, არამედ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაც კი ძალიან გაგვიჭირდება“,- აცხადებს რეზო მაღალაშვილი.
რაც შეეხება ბრედნებს, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი ამბობს, რომ ეს არის „მანგოს“ მამაკაცის ხაზი, იტალიური კოსმეტიკის და ასევე, თურქული კომპანიები.
„საუბარია, იტალიური კოსმეტიკის ბრენდზე, რომელთან მოლაპარაკება თითქმის, ბოლომდე იყო მიყვანილი. უბრალოდ, ახლა უკვე უნდა დავფიქრდეთ, შემოვიყვანოთ თუ არა. ასევე, მოლაპარაკებები გვაქვს თურქულ ბრენდებთან და ვგეგმავთ, მანგოს ორი მაღაზიის გახსნასაც. ეს იქნება მამაკაცის ხაზი“,- აცხადებს რეზო მაღალაშვილი.
მისივე ინფორმაციით, საქართველოდან გასვლას გეგმავს რამდენიმე ბრენდიც, თუმცა, როგორც რეზო მაღალშვილი ამბობს, ეს არა კოვიდით გამოწვეულ კრიზისს, არამედ კომპანიებთან დადებულ შეთანხმებას უკავშირდება.
„არის რამდენიმე ბრენდი, ვინც გადის, თუმცა ეს არ არის დაკავშირებული კოვიდთან. ამ ბრენდებთან წლების წინ შევთანხმდით გასვლაზე, როცა ხელშეკრულება ამოიწურებოდა. ამ ბრედნებს ვერ დაგისახელებთ, რადგან მედიაში მათი სახელების გამოყენებაზე შეზღუდვა გვაქვს“,- ამბობს რეზო მაღალაშვილი.
ცნობისთვის, ამ დროისთვის „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.