,,მთავრობის ლოგიკა ასეთია, მოდი ამ ხალხს რამე გადავუგდოთ, რომ დავაწყნაროთ“- ასე შეაფასა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ხელისუფლების მიერ შეზღუდვების პირობებში დაანონსებული კომპენსაცია ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“.
რაქვიაშვილის თქმით, შეზღუდვების დიდი ნაწილი აბსოლუტურად არა საჭიროა, შედეგებზე პასუხისმგებლობა კი სრულად ხელისუფლებას ეკისრება.
,,მთავრობამ არანაირი დასკვნა არ გამოიტანა გაზაფხულის ლოქდაუნიდან და იგივეს იმეორებს. მეორეს მხრივაა ბიზნეს ასოციაციის განცხადება, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კონკრეტული ბიზნეს ჯგუფების ლობისტური მოთხოვნილებები კმაყოფილდება. ხელისუფლება კი ყველაფერს უყურებს როგორც სტატისტიკას, თითქოს არაფერი ხდება ტრაგიკული, არადა ამ რიცხვების უკან ადამიანების ტრაგედიაა. ხალხი კარგავს სამუშაო ადგილებს. მათ, ვისაც ჰქონდათ დანაზოგი, დიდი ალბათობით, უკვე დახარჯეს.
ახლა, არ დგას არჩევანი ეკონომიკურ განვითარებასა და სიცოცხლეს შორის, არჩევანია ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების სიცოცხლეს შორის. ადამიანი, რომელსაც აქვს გულის შეტევა და არ მიდის სასწრაფო, ეს არ ითვლება ადამიანის სიცოცხლედ? დილემა მართლაა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და როცა მთავრობა ამ დილემას ასე წყვეტს, მინიმუმ უნდა გამოვიდეს და ახსნას, რატომ აირჩიეს, რომ ადამიანი უნდა გარდაიცვალოს გულის შეტევით და გადარჩეს კორონა ვირუსით.
კერძო ჯანდაცვის სისტემა ჩვენ გადავაკეთეთ საბჭოთა სისტემად პანდემიის პერიოდში, რომელიც იმართება ცენტრალიზებულად ისე რომ, არ მომხდარა ამის კრიტიკული ანალიზი. რაც უფრო მეტ შეზღუდვას დააწესებს მთავრობა, მით მეტი იქნება მისი პასუხისმგებლობა შედეგებზე. ტრაგედია კი არის ის, რომ ჩვენ მას პასუხს არ ვთხოვთ“-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
,,გირჩის“ წევრი ასევე ამბობს, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული კომპენსაცია სამუშაო დაკარგულებისთვის არასერიოზულია.
,,მთავრობის ლოგიკა ასეთია, მოდი ამ ხალხს რამე გადავუგდოთ, რომ დავაწყნაროთ. ბუნებრივია, არასერიოზულია ის ფინანსური პაკეტი, რომელზეც ისაუბრეს. თუ რელევანტურია გამოწვევებთან, მაშინ გაუშვან საკუთარი აპარატი და მისცენ ეს კომპენსაცია. ხელისუფლება ხედავს ასე, ჩვენ საჭირო ვართ, საჯარო მოხელეები საჭირონი არიან და თქვენ, კაფე-რესტორნების და მოლების დასაქმებულებმა როგორც გინდათ ისე გადაირჩინეთ თავი“-განაცხადა რაქვიაშვილმა ,,საქმეში“.
შეგასხენებთ, რომ 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით, რიგი შეზღუდვები დაწესდა, რომელიც 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობა ე.წ. ახალი ლოქდაუნის დროს სხვადასხვა სოციალურ დახმარებებს გასცემს, მათ შორის, შეღავათები დაუწესდებათ ბიზნესებსაც. ჯამში, ახალი პაკეტის მთლიანი ბიუჯეტი 1,1 მილიარდ ლარს შეადგენს.