„ფერმერებს ნედლი რძის წარმოება კბილებით უჭირავთ“ - რა შედეგს მიიღებს ბაზარი რძის ტექნიკური რეგლამენტიდან

„ამ დრომდე სურსათის უვნებლობის სამსახურს არ ჰყავს საჭირო რაოდენობით კადრები, რომ ბაზარი და მიღებული კანონის აღსრულება გაკონტროლდეს“- ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუთან“ ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი აცხადებს.

რუსუდან გიგაშვილი სამ სცენარზე საუბრობს, რომლითაც შეიძლება რძის ინდუსტრია განვითარდეს, თუმცა ყველა სცენარის დასასრული მომხმარებლისათვის პროდუქციის გაძვირებაა.

,,თავისთავად, მომხმარებლისათვის რეგლამენტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ გაიგებს ნედლი რძისგანაა პროდუქტი დამზადებული თუ ფხვნილისგან. მეწარმეები ვალდებულები არიან ეს თქვან, შესაბამისად, მომხმარებელი უფრო მეტად ინფორმირებული იქნება. თუმცა აქ, მთავარი პრობლემა აღსრულების მექანიზმია. ამ დრომდე სურსათის უვნებლობის სამსახურს არ ჰყავს საჭირო რაოდენობით კადრები, რომ ბაზარი და მიღებული კანონის აღსრულება გაკონტროლდეს.

სულ სამი სცენარია, რაც შეიძება განვითარდეს: პირველი ეს არის, რომ გადამამუშავებლები იყიდიან რძეს ფერმერებისაგან იმ ფასად, რამდენადაც რეალურად უღირს ფერმერს და ამით, ბუნებრივია, გაძვირდება პროდუქცია, მაგრამ საბოლოოდ განვითარდება ეს ინდუსტრია. მეორე, ეს არის, რომ ბევრი გადამამუშავებელი იტყვის უარს ნედლ რძეზე და ისევ ტოტალურად დაიწყება ფხვნილით წარმოება. ამ შემთხვევაში, ბაზრის დიდ ნაწილში ფასი შენარჩუნდება, თუმცა ისინი, ვინც აწარმოებენ ნედლი რძით, მომხმარებელს უფრო მაღალ ფასს შესთავაზებენ. და მესამე, გაგრძელდეს ეს იატაკქვეშა მოძრაობები, რაც იყო და არის, რადგან სახელმწიფოს არ აქვს ამ ეტაპზე რესურსი კანონი აღსრულდეს, ამით კი წააგებს მომხმარებელიც და ინდუსტრიაც. ბოლოს და ბოლოს ეს ადამიანები გადავლენ ბევრად რენტაბელურ მეხორცულ ჯიშებზე და ნედლი რძის, სახლმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი მოკვდება“,- აცხადებს გიგაშვილი.

მისივე თქმით, ბაზარზე რძე და რძის ფხვნილი უკვე გაძვირდა, თუმცა ფასის მატება ფერმერების მხრიდან არ მომხდარა.

,,ზოგადად, მსოფლიო ბაზარზე გაძვირდა როგორც რძის ფხვნილი, ასევე ნედლი რძეც, დაახლოებით, 8-10%-ით. ამის გამო გადამამუშავებლებმა შეცვალეს და აწიეს ფასები, თუმცა ამ ეტაპამდე არაფერი შეცვლილა ფერმერებისათვის სარეალიზაციო ფასში. ლოგიკურად ეტაპობრივად ეს ცვლილებები მოხდება, რადგან საკვები ბაზის თვითღრებულება 60-დან 80%-მდეა გაზრდილი და გაძვირებულია იმპორტიც, ამას ემატება ისიც, რომ წელს იყო გვალვიანი ზაფხული. ამ ყველაფრიდან გამომიდნარე, შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ ფერმერებს ნედლი რძის წარმოება კბილებით უჭირავთ“, - თქვა გიგაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის 30 ივლისის დადგენილებით 2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან ნედლი რძისგან დამზადებული რძის პროდუქტების შეფუთვაზე მწარმოებლები ვალდებულნი არიან დაიტანონ მინიშნება „წარმოებულია ნედლი რძისგან“.

თამარ მუკბანიანი