მსოფლიო ბაზარზე ფისტის საერთო მოცულობა გაიზარდა - ქვეყნები, სადაც პროდუქტს ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარენ

გლობალურ ბაზარზე ფისტის მთლიანი მოცულობა 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 4% -ით გაიზარდა და 10,6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკური სააგენტო IndexBox-ი აქვეყნებს.

როგორც FruitNews-ი წერს, ანგარიშში წარმოდგენილი ციფრები მწარმოებლებისა და იმპორტიორების მხოლოდ მთლიან შემოსავალს ასახავს და აქ არ შედის ლოგისტიკური და საცალო ვაჭრობის ხარჯები.

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს ფისტას ყველაზე დიდი რაოდენობით შემდეგი ქვეყნები მოიხმარდნენ:

ირანი- 490 ათასი ტონა, თურქეთი - 263 ათასი ტონა და შეერთებული შტატები - 255 ათასი ტონა. აღნიშნული ქვეყნების წილი გლობალურ მოხმარებაში 67%-ს შეადგენდა. პროდუქტის ღირებულების მხრივ კი ადგილები შემდეგნაირად ნაწილდება: ირანი - 3,7 მილიარდი დოლარი, აშშ - 2 მილიარდი დოლარი და თურქეთი - 1,6 მილიარდი დოლარი. 2019 წელს მთლიან მოცულობაში ამ ქვეყნების ერთობლივი წილი 69% იყო.

ერთ სულ მოსახლეზე ფისტას ყველაზე დიდი მომხმარებელი ქვეყანა იყო ირანი - 5,90 კგ წელიწადში, თურქეთი - 3,18 კგ წელიწადში და ჰონგ კონგი - 3,12 კგ წელიწადში.

ბაზრის პროგნოზი 2019 - 2030 წლებში

მომდევნო ათწლეულში ანალიტიკოსები ფისტის მოხმარების ზრდას პროგნოზირებენ. კერძოდ, 2019 - 2030 წლებში წლიური ზრდა 1,1% -ით არის დაგეგმილი, რაც 2030 წლის ბოლოსთვის ბაზრის 1,7 მილიონ ტონამდე ზრდას გამოიწვევს.

წარმოება

2019 წელს ფისტას წარმოება 8.1% -ით გაიზარდა და 1.5 მილიონი ტონა შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2013-დან 2019 წლამდე მთლიანი წარმოება წლიურად საშუალოდ 13.8% -ით იზრდებოდა.

წარმოება ქვეყნების მიხედვით

2019 წელს ფისტას ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყნები იყვნენ: ირანი (571 ათასი ტონა), აშშ (484 ათასი ტონა) და თურქეთი (267 ათასი ტონა). მსოფლიო წარმოების 88% სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის.

იმპორტი

2019 წელს ფისტას გლობალური იმპორტი 15% -ით გაიზარდა და 439 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2013-დან 2019 წლამდე მთლიანი იმპორტი წლიურად საშუალოდ 3.2%-ით იზრდებოდა.

იმპორტი ქვეყნების მიხედვით

2019 წელს ფისტას ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყო: ჩინეთი (113 ათასი ტონა), ჰონგ კონგი (65 ათასი ტონა), გერმანია (45 ათასი ტონა) და ინდოეთი (23 ათასი ტონა), იტალია (18 ათასი ტონა), ბელგია (15 ათასი ტონა), ესპანეთი (15 ათასი ტონა), რუსეთი (10 ათასი ტონა), საუდის არაბეთი (10 ათასი ტონა), ისრაელი (9,8 ათასი ტონა), ლუქსემბურგი (8,5 ათასი ტონა) და საფრანგეთი (8,3 ათასი ტონა).

ღირებულებით კი, ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყნებია: ჩინეთი (809 მილიონი დოლარი), ჰონგ კონგი (496 მილიონი დოლარი) და გერმანია (436 მილიონი დოლარი). გლობალურ იმპორტში ამ 3 ქვეყნის კომბინირებულმა წილმა 51% შეადგინა.

საიმპორტო ფასები ქვეყნების მიხედვით

2019 წელს ერთი ტონა ფისტას შემოტანის საშუალო ფასი 7,794 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 2,4% -ით ნაკლებია, ვიდრე 2018 წელს. იმპორტის ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც იმპორტის ფასმა 8,208 აშშ დოლარს მიაღწია.

2019 წელს ფისტაზე ყველაზე მაღალი საიმპორტო ფასები დაფიქსირდა იტალიაში (10,948 აშშ დოლარი ტონაზე), ხოლო ყველაზე დაბალი ისრაელში (4,799 აშშ დოლარი ტონაზე).

ნინი ქეთელაური