„სასწაულებრივი თვისებების მქონე ნაყოფი“ - როგორია უნაბის პერსპექტივები საქართველოში

შემოდგომაზე ქართული ბაზრების დახლებზე მცირე ზომის, მოყავისფრო შეფერილობის ხილი ჩნდება. მას როგორც წესი, ქართველები უნაბს უწოდებენ, მაგრამ სხვა სახელწოდებითაც იცნობენ - ზიზიფუსი, ჩინური ფინიკი, ჟუჟუბა.

აღნიშული ხილი საქართველოში იმდენად გავრცელებული არ არის, რამდენად სასარგებლოც არის ის. მეტიც, დარგის სპეციალისტები მას სასწაულებრივი თვისებების ნაყოფს უწოდებენ. მართალია დიდი ხანია, რაც უნაბი საქართველოში მოდის, თუმცა ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ მოსახლეობამ მის შესახებ თითქმის არაფერი იცოდა. რა თქმა უნდა, იმ ადამიანების გარდა, ვისაც უნაბის ხე საკუთარ ნაკვეთში ჰქონდა.

თუმცა, როგორც ასოცირებულმა პროფესორმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, ხილის კულტურების კვლევის განყოფილების ხელმძღვანელმა ზვიად ბობოყაშვილმა EastFruit- სთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში უნაბის არსებობის შესახებ ისტორიული და ლიტერატურული მონაცემები შუა საუკუნეებიდან მოიპოვება. სავარაუდოდ, ის არაბმა და შუა აზიელმა ვაჭრებმა ჯერ კიდევ აბრეშუმის დიდი გზის ფუნქციონირების დროს ჩამოიტანეს.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ამ კულტურის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეიტანა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილმა ქართველმა მეცნიერმა ლალი მოსიაშვილმა.

უნაბი ძირითადად დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოსა და აჭარაში, ასევე, კახეთში (ლაგოდეხში) ხარობს. ამასთან, ერთეული ხეები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება.

უნაბი არის მსუბუქი და თერმოფილური მცენარე. ის კარგად იტანს ყინვას -25-დან -27 გრადუსამდე. გვალვისადმი ტოლერანტობის მიუხედავად, ის უკეთ იზრდება სველ პირობებში, თუმცა ჭარბმა წყალმა შეიძლება ხის გახმობა გამოიწვიოს.

უნაბი პირველ ნაყოფს დარგვიდან მეორე-მესამე წელს იძლევა, ხოლო სრულყოფილ მოსავალს მეხუთე-მეექვსე წელს. ერთ ხეზე საშუალო მოსავლიანობა კი, 12-დან 20 კგ-მდე შეადგენს.

რაც შეეხება მის ფასებს, გასულ წლებში ერთი კილოგრამის ღირებულება სტაბილურად 1-1,5 ლარს შეადგენდა. თუმცა, წელს უნაბის ფასი გაიზარდა და 3.50-დან 4 ლარამდე მერყეობდა. სწორედ ღირებულების ტენდენციის გამო, სამომავლოდ, შესაძლოა, ამ კულტურის მიმართ მწარმოებლების ინტერესიც გაიზარდოს.

პროფესორი ზვიად ბობოყაშვილი უნაბის წარმოების მიმართულებთ დიდი პერსპექტივებს ხედავს.

”არსებობს წამყვანი ხილის კულტურები, როგორიცაა, მაგალითად, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, მაგრამ არსებობს გარკვეულწილად შეზღუდული ფართობის კულტურები, ე.წ. ნიშური კულტურები. ესენია: უნაბი, კომში, ფეიხოა და სხვა. უნაბს შევადარებ ფეიხოას, როგორც სარგებლიანობის, ასევე ბაზარზე ცნობადობის ამაღლებისა თვალსაზრისით. თუ კულტურის მიმართ ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება, გაიზრდება წარმოების მიმართ ინტერესიც. ამისთვის კი საჭიროა ხილის მიმზიდველი ფასი“, - აცხადებს ზვიად ბობოყაშვილი.

როგორც საქართველოს სოფლის განვითარების და სოფლის მეურნეობის სააგენტოს რეგიონებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე EastFruit- სთან საუბრისას აცხადებს, საქართველოში უნაბის წარმოებას სამრეწველო მასშტაბები ჯერ კიდევ არ აქვს, რადგან კულტურა ძირითადად გვხვდება ინდივიდუალურ საყოფაცხოვრებო ნაკვეთებში. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია მოთხოვნაზე - „ თუ იქნება მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა, გაშენდება ბაღებიც ”.

აღსანიშნავია, რომ კულტურის განვითრების და ბაღების გაშნების მიმართულებთ კახეთის რეგიონში ძვრები უკვე შეინიშნება.

ნინი ქეთელაური