„გარდაცვალების ისეთი მკვეთრი მატება, როგორიც ახლა გვაქვს, მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს პანდემიის საწყის ეტაპზეც კი არ ჰქონიათ,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„გარდაცვალების ისეთი მკვეთრი მატება, როგორიც ახლა გვაქვს, მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს არ ჰქონიათ პანდემიის საწყის ეტაპზეც კი, როდესაც მსოფლიომ ნაკლები იცოდა ვირუსის შესახებ. აქედან 2 დასკვნა:
- უნდა მოახერხო, რომ პანდემიის გამოცხადებიდან 9 თვის თავზე ასე მოუმზადებელი დახვდე ამ გამოწვევას
- სჯობდა, ეპიდემიის მართვა გვესწავლა ზაფხულში (როგორც ჩვენმა მეზობლებმა გააკეთეს). გაზაფხულის გაუმართლებელი "ლოქდაუნით" თითქოს სიცოცხლეები დავზოგეთ, მაგრამ ახლა ორმაგ მსხვერპლს ვიღებთ,“-წერს ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილმა კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომაროებასა და დღეიდან, ქვეყანაში ამოქმედებულ შეზღუდვებზე, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე „ლოქდაუნი“ გვიწევს იმის გამო, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადაიტვირთა და სტრესის ქვეშ არის. თუმცა, როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა, აღნიშნა, მართალია, მთავრობამ გამოაცხადა ლოქდაუნი, მაგრამ არ უთქვამს, რას აპირებს ჰოსპიტალური სექტორის მიმართულებით.
„მთავარი დანაშაული მთავრობის არის ის, რომ დაგვაყენა არჩევანის წინაშე ცუდსა და უარესს შორის. უარესი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემებიდან გამომდინარე ადამიანების სიცოცხლის დაკარგვა; ცუდი კი არის ამ ტიპის „ლოქდაუნი“ და კიდევ ერთხელ სამუშაო ადგილების მოსპობა და ქვეყნისა და ოჯახების გაღარიბება. ამ ცუდი არჩევანის წინაშე დაგვაყენა იმ გამოუყენებელმა 8-9 თვემ, რაც გვქონდა 1-ლი „ლოქდაუნის“ შემდეგ. დღეს როდესაც ასეთი მკვეთრი მატებაა, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნებისმიერი სპეციალისტი იტყვის, რომ ახლა უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არის. მაგრამ აქ მეორე პრობლემა ჩნდება - ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ 31 იანვარს, როდესაც მთავრობის მიერ გამოცხადებული შეზღუდვების ორთვიანი გეგმა დასრულდება.. ვშიშობ, რომ არც მეორე „ლოქდაუნი“ იქნება გამოყენებული საიმისოდ რომ 31 იანვარს ან 1-ელ თებერვალს მე-3 „ლოქდაუნზე“ ან მეორე ლოქდაუნის გაგრძელებაზე, არ ვილაპარაკოთ. რატომ? იმიტომ რომ დღესაც იგივე პრობლემები დგას ჩვენ წინაშე რაც იდგა მარტში და როდესაც გაცილებით მეტი დრო გვქონდა, რომ მთავრობას ჰოსპიტალური სექტორი მოემზადებინა,“-აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.