ირმა ინაშვილი - "ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს!" (R)

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი არჩევნების ტოტალურ გაყალბებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. ინაშვილის თქმით, მათ უკვე გააკეთეს შეთავაზება იმის თაობაზე, რომ ყველა ოპოზიციურ ძალას ცესკოში საარჩევნო სიების გაუქმებაზე განცხადება შეეტანა, რის შედეგადაც 45 დღეში ხელახალი არჩევნები დაინიშნებოდა. მისივე თქმით, ისინი ელჩებთან მეორე ვარიანტზეც საუბრობენ, რომლის თანახმად არჩევნები მაისში უნდა დაინიშნოს. როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, ამისათვის უნდა შედგეს ვალდებულების დოკუმენტი - მემორანდუმი, რომელშიც მკაფიოდ გაიწერება, რომ ქვეყანაში სრულიად სხვა ტიპის არჩევნები ჩატარდება, ამ არჩევნებისათვის კი, აუცილებელია, რომ პარლამენტი ძირეული ცვლილებებისათვის მოემზადოს. გარდა ამისა, პარტიის გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "პატრიოტთა ალიანსი", როგორც ყოველთვის, დამოუკიდებლად მოქმედებს და აკეთებს იმას, რასაც სინდისი და მორალი კარნახობს.

"სწორედ ისეთი ირმა ინაშვილი არ უნდა მის ამომრჩეველს, რომელიც თვალს დახუჭავს დანაშაულზე და პარლამენტში შევა! ნურავისთან ნუ ეცდებით ჩვენს მიკერებას - ჩვენ ვმოქმედებთ მარტო, დამოუკიდებლად და ვაკეთებთ იმას, რასაც საჭიროდ ვთვლით, რასაც გვკარნახობს ჩვენი სინდისი და მორალი! ჩვენ ელჩებთან შეხვედრებზე ვამბობთ, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. შევთავაზეთ ოპოზიციასაც, რომ საარჩევნო სიების გაუქმებაზე ცესკოში განცხადება შეგვეტანა და მაშინ 45 დღეში ხელახალი არჩევნები დაინიშნებოდა. ელჩებთან მეორე ვარიანტზეც ვსაუბრობთ, რომ არჩევნები მაისში დაინიშნოს, მაგრამ ამისათვის უნდა შედგეს ვალდებულების დოკუმენტი - მემორანდუმი, რომელშიც მკაფიოდ გაიწერება, რომ ქვეყანაში სრულიად სხვა ტიპის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამ არჩევნებისათვის ჩვენც და პარლამენტიც ძირეული ცვლილებებისათვის უნდა მოვემზადოთ. ეს არის ცვლილებები ცესკოში, საარჩევნო კოდექსში, გადასვლა ელექტრონულ არჩევნებზე. არჩევნები სავალდებულო უნდა გახდეს და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ამ ცვლილებებზე", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

(R)