ამერიკელებმა „შავ პარასკევს“ ინტერნეტ-შოპინგზე 9 მლრდ დოლარი დახარჯეს

ამერიკელებმა ახალი კორონავირუსის პირობებში მიმდინარე წლის „შავ პარასკევს“ ონლაინ შესყიდვებზე რეკორდული 9 მილიარდი დოლარი დახარჯეს. Associated Press-ის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაცემებს ავრცელებს კომპანია Adobe Analytics, რომელიც ამერიკის 100-დან 80 ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელის ანალიზს ახდენს.

გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 7,4 მილიარდი, 2018 წელს კი 6,2 მილიარდი დოლარი. როგორც მკვლევარები ამბობენ, ინტერნეტმაღაზიებისადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია იმით, რომ ბევრ შტატში პანდემიის გამო სავაჭრო ცენტრების მუშაობა შეჩერებულია.

რაც შეეხება პროდუქციას, მოხმარებლებში ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო მობილურ მოწყობილობებზე და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე. გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა მომხმარებელთა ინტერესი საიუველირო ნაკეთობებისადმი და ფეხსაცმლისადმი.

„შავი პარასკევი“, როგორც ცნობილია, დიდი ფასდაკლებების დღეა შტატებში და ის მადლიერების დღის შემდეგ, პარასკევს იმართება.

Adobe Analytics-ის შეფასებით, 30 ნოემბერს დაგეგმილ „კიბერორშაბათს“ კი ამერიკელები ინტერნეტ-მაღაზიებში შოპინგზე დახარჯავენ 10,8 მილიარდიდან 12,7 მილიარდ დოლარამდე. თუ პროგნოზი გამართლდა, ეს ასევე იქნება ახალი რეკორდი. როგორც წესი, „კიბერორშაბათს“ შტატებში დიდი ფასდაკლებით იყიდება ტექნიკა.

კოკა კვირკველია