ევროპიდან ქართულ გირჩზე  მოთხოვნას მიწოდება ისევ აჭარბებს - „ვერ ამოვხსენით ეს რა ფენომენია“

„ქართული გირჩის თესლი საქართველოდან ისევ დიდი რაოდენობით გადის. კარძოდ, ტრადიციულად ევროპიდან მხოლოდ 200 ტონა პროდუქტზეა მოთხოვნა, თუმცა ქვეყნიდან დაახლოებით, 300 ტონა გადის. როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია Fair trade-ის ნიშნის ქვეშ მყოფი კომპანია Fair trees-ის მენეჯერი ჟანა ბაბუნაშვილი ამბობს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი კომპანია გირჩს შემნახავ მეურნეობებში იმარაგებს, შემდეგ კი დიდი რაოდენობით გააქვს, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, რადგან ხარისხი იკარგება.

ცნობისთვის, საერთაშორისო ორგანიზაცია Fair trade-ის ნიშნის ქვეშ მყოფმა კომპანიამ Fair trees 2009 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე უნიკალური ნორდმანის ნაძვის ხის გირჩის მოპოვების ლიცენზია შეიძინა და მას შემდეგ დანიაში ორგანული თესლის ოფიციალური დილერი გახდა. გირჩი იკრიფება, შრება და შემდეგ ხდება მიღებული თესლის ექსპორტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროპაში გაყიდული ნაძვის ხეების 90%-ზე მეტი სწორედ ქართული წარმოშობისაა. თუმცა, საქართვლოს ბაზარზე დაახლოებით 12-მდე კომპანიაა, რომელიც თესლს სტანდარტების გვერდის ავლით აწარმოებს. შესაბამისად, როგორც ჟანა ბაბუნაძშვილი ამბობს, ევროპიდან არსებულ მოთხოვნას, საქართველოდან მიწოდება ბევრად აღემატება.

“გირჩის თესლის გატანა დეკემბერში იგეგმება. მიუხედავად პანდემიისა, წელს არაფერი შეცვლილა არც მოთხოვნაზე, არც მიწოდების მიმართულებით. რაც შეეხება ბაზარზე არსებულ პრობლემებს, წელსაც იგივე ვითარებაა, როგორც გასულ წლებში იყო. კერძოდ, 200 ტონა პროდუქტზეა მოთხოვნა, თუმცა საქართველოდან დაახლოებით, 300 ტონა გადის. ჩვენ ვერ ამოვხსენით ეს რა ფენომენია. სავარაუდოდ, ერთ-ერთი კომპანია იმარაგებს, მასივები აქვს თბილისში და იქ ინახავს თესლს. თუმცა, ეს პროდუქტი იგივე ხარისხის ვერასდროს იქნება, რადგან ყინავს და ასე ინახავს“,- ამბობს ჟანა ბაბუნაშვილი.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაცია Fair trade-ის ნიშნის ქვეშ მყოფ კომპანიას Fair trees, რაჭაში წელს უკვე მოიპოვა 7 ტონა გირჩი, აქედან თესლის სახით მხოლოდ 10% ამოვა, რომელსაც ევროპის მიმართულებით გააგზავნის.

„ჩვენმა კომპანიამ მოიპოვა 7 ტონა გირჩი და ამის 10%-დან ამოვა თესლი, რომელსაც გავიტანთ ევროპაში. ჩვენი ძირითადი პარტნიორი გერმანიაა. ყოველწლიურად ამ რაოდენობის პროდუქტს ვაწარმოებთ. თუმცა, გასულ წელს საერთოდ არ მოგვიკრეფია, რადგან გირჩი თითქმის არ მოიპოვებოდა, ან ძალიან ცუდი ხარისხის თესლი იყო. როგორც ვიცი, წელს რაჭაში ჯამში 250 ტონა გირჩი მოიკრიფა“,- ამბობს ჟანა ბაბუნაშვილი.

ნინი ქეთელაური