მოლებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება

მოლებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება, სადაც მხარეები მოლების მოთხოვნებს განიხილავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" „თბილისი მოლის“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ განუცხადა, კომუნიკაცია შედგა ბიზნესომბუდსმენთან და მიეცემათ თუ არა მოლებს ახალ წლამდე ერთი კვირის ნაცვლად ორი კვირით მუშაობის უფლება, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

„ვესაუბრეთ ბიზნესომბუდსმენს, დაგვპირდა, რომ უახლოეს დღეებში ჩაინიშნება შეხვედრა სამთავრობო გუნდთან და მოხდება საკითხის განხილვა",-აღნიშნა ნატა გოგოლაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან სავაჭრო ცენტრების მუშაობა შეიზღუდა და მათ მუშაობის უფლება 24 დეკემბრიდან 2-იანრამდე პერიოდში მიეცემათ, რის შემდეგაც კვლავ დაიხურებიან. 16 იანვრიდან 31 იანვრამდე პერიოდში სავაჭრო ცენტრები მუშაობას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა. თავის მხრივ, მოლების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე მიეცეთ გახსნის საშუალება, სანაცვლოდ კი იანვრის განმავლობაში დაიკეტონ.