ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო სამედიცინო ჟანგბადის წარმოების ხელშეწყობასა და მარაგების გაზრდაში ჩართულია.
როგორც მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანაში ჟანგბადით მომარაგების საკითხი სრულად გადაწყვეტილია და ამ კუთხით დეფიციტს ვერავინ იგრძნობს. მინისტრის თქმით, დეკემბერში საქართველოში 6 დანადგარი შემოვა.
„საკოორდინაციო საბჭოს და პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობასა და ასევე მარაგები გაზრდის თვალსაზრისით. განსაკუთრებით მეორე ტალღის დროს სამჯერ და მეტადაა გაზრდილი სამედიცინო დაწესებულებების მიერ სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება და დღეში 80 ტონას აჭარბებს. პრემიერის დავალებით ვმუშაობთ, რომ არ შეიქმნას დეფიციტი. მინდა მოსახლეობა და ჯანდაცვის სექტორი დავარწმუნო, რომ არანაირი პრობლემა სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით არ შეიქმნება. დღეს არსებული სიმძლავრეები იზრდება, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში რამდენიმე ადგილობრივ სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას დავეხმარეთ, რომ პოტენციურ სიმძლავრეებზე გასულიყო. ამასთან, საჭიროება დავინახეთ თუ არა თურქეთში, ქარხანაში 10 ახალი დიდი სიმძლავრის გენერატორი შევიძინეთ თავისი კომპრესორით. თითოეული აწარმოებს დღეში 1 ტონა ჟანგბადს, ორი დანადგარი უკვე ჩამოვიდა და რუხის კლინიკაში დამონტაჟდა, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია. 17 დეკემბერს ველოდებით, რომ კიდევ 6 დანადგარი შემოვა თურქეთიდან და 3 დამონტაჟდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და 3 თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ასევე ხელი შევუწყვეთ კერძო კლინიკებს, რომ ეს დანადგარები შემოეტანათ. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ სამედიცინო ჟანგბადზე გაზრდილი მოთხოვნის 90%-ი უკვე ადგილობრივი წარმოებით იფარება“,-განაცხადა ნათია თურნავამ.