ნათია თურნავას განცხადებით, საჭირო სამედიცინო მომსახურების მისაღებად ხანდაზმულების ტრანსპორტირებას მუნიციპალიტეტები და გამგეობები უზრუნველყოფენ

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ხანდაზმულების ტრანსპორტირების უზრუნველყოფის დავალება საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის მუნიციპალიტეტებს და გამგეობებს აქვთ მიღებული. ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

„რაც შეეხება ხანდაზმულებს, ეს ჩვენი შეკრებების ყოველდღიური მსჯელობის საკითხია, მუნიციპალიტეტებს, გამგეობებს და სამხარეო რწმუნებულებს აქვთ ეს დავალება მიღებული. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც ჩართულია, მაგრამ უფრო კოვიდსასტუმროების ნაწილში. დავაკონტრაქტეთ სატრანსპორტო კომპანიები, რომლებიც ადამიანების საავადმყოფოდან კოვიდსასტუმროში და უკან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ამიტომ, ეს საკითხი არ გაპრობლემდება და ჩვენ ამაზე ვფიქრობთ“,-განაცხადა ნათია თურნავამ.