ტიკარაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულების მართვის კუთხით პრობლემები და ხარვეზები არის, რომლის აღმოფხვრასაც ჯანდაცვის სისტემა ცდილობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვის კუთხით პრობლემები და ხარვეზები არის, რომლის აღმოფხვრასაც ჯანდაცვის სისტემა ცდილობს.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საკითხის მოგვარებაში ის პირადად არის ჩართული.

„რაც შეეხება თავისუფალ საწოლებს ეს არის მუდმივად ცვლადი პროცესი, რომელიც გაშლილია საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, საჭიროებებიც სხვადასხვაგვარია. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები და არის პრობლემები, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში 112-დან დაწყებული ბოლო წერტილამდე პანციენტის განთავსებამდე გავდივართ ამ ჯაჭვს, ვაკვირდებით რა არის პრობლემა და ვცდილობთ ამ პრობლემების მოგვარებას. უშუალოდ, პირადად ვარ ჩართული ამაში და გარდა ჩემი ჩართულობისა, ჩემი ორივე მოადგილე ჩართულია და ყველა სსიპ-ის ხელმძღვანელი. მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ამ ხარვეზებს და შესაბამისად, ვცდილობთ მათ აღმოფხვრას“, - განაცხადა ტიკარძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა დასმულ შეკითხვას საველე ჰოსპიტლების საჭიროებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს მარნეულში განთავსებული ინფრასტრუქტურის მსგავსი, სხვა რეგიონებში არ იგეგმება.

„ჰოსპიტალი, რომელიც მარნეულში იყო გახსნილი არ წარმოადგენდა პირდაპირი მნიშვნელობით საველე ჰოსპიტალს, ჩვენ მას ვიყენებდით პირველადი ტესტირებისთვის და კორონავირუსის გამოვლენისთვის, შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურა გამოიყენებოდა დამატებით ნაწილად იმ ჰოსპიტალის, რომლის გვერდითაც იყო განთავსებული. მსგავსი ჰოსპიტალის გამოყენება არ იგეგმება“, - განაცხადა ტიკარაძემ.