„2019 წლის მაჩვენებლებთან დასაბრუნებლად დაახლოებით, 2 წელი დაგვჭირდება“ - მეჰმედ მელექი

,,2019 წლის მაჩვენებლებთან დასაბრუნებლად დაახლოებით, 2 წელი დაგვჭირდება“-ასე აფასებს ,,ბეკოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი პანდემიის გავლენას ტექნიკის ბაზარზე.

როგორც მან ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანისის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა, მიუხედავად ზარალისა, ,,ბეკოს“ პანდემიის გამო არცერთი თანამშრომელი არ გაუშვია სახლში და ახლაც, ეს არის მთავარი ორიენტირი.

,,ამ მასშტაბის და ასეთ მკაცრს შეზღუდვებს არ ველოდით. ვცდილობთ, მოვახდინოთ სწრაფი რეაგირება და გავააქტიურეთ სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებთან თანამშრომლობა. პატარა ქალაქებში კვალვ ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა ძალიან ბევრი მაღაზია დაიკეტა დიდ ქალაქებში. მეორე კვარტალში ,,ბეკომ“ მიიღო საკმაოდ დიდი ზარალი, რისი კომპენსირების იმედიც წინა საახალწლო გაყიდვებით გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდება მხოლოდ ერთ კვირიანი გახსნით.

ონლაინ მაღაზიებს შეუძლიათ რეალიზაციის მხოლოდ 30% ჩაანაცვლონ . 70%-ს ჩვენ დავკარგავთ მოსალონელი რეალიზაციის ნოემბერ-დეკემბრის თვეში. წინა ლოქდაუნთან შედარებით არის ერთი პლიუსი, რომ ახლა არ დაიხურა მომსახურების ცენტრები და თუ ვინმეს რამე უფუჭდება, ჩვენ შეგვიძლია მოვემსახუროთ.

,,ბეკოს“ ამ დრომდე არ გაუშვია არცერთი თანამშრომელი პანდემიის პირობებში და ეს არის გეგმა სამომავლოდაც. ორიენტირებული ვართ, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს უსამსახუროდ.

ხვალინდელ დღესაც კი ვერ ვგეგმავთ ისეთი პერიოდია, მაგრამ ახლა ისე ჩანს, რომ 2019 წლის მაჩვენებლებთან დასაბრუნებლად დაახლოებით 2 წელი დაგვჭირდება“-განაცხადა მელექმა ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი