აჭარაში, ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების პროექტზე მუშაობა გრძელდება. ხეობის ტურისტული ზონის განვითარების გეგმის მიხედვით, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ძირითადი ბილიკის მოწყობა ხაბელაშვილების სამასწლოვანი თაღოვანი ხიდიდან წისქვილების სოფლამდე იგეგმება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ტურისტული პროდუქტი, რომლის დაპროექტებაც ახლა მიმდინარეობს, მთიან აჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტული მიზიდულობის ადგილს შექმნის.
მათივე ინფორმაციით, ტურისტულ ზონაში ვიზიტორთა ცენტრი, გასართობი ატრაქციები, თავშესაფრები, ტურისტული ბილიკები და საფესტივალე სივრცე მოეწყობა.
ხეობის ტურისტული პოტენციალის კვლევა და კონცეფცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა. პროექტის განხორციელებას კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჭვანის ხეობა, ბათუმიდან 58 კილომეტრში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის რეგიონში ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებითაა გამორჩეული. ხეობა მდიდარია ჩანჩქერებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით. ამ მხრივ აღსანიშნავი ხაბელაშვილების სამი საუკუნის ხის ხიდია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ძველი, ხის წიქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი. ხეობაშივე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნოც, სადაც მუსიკალური ხელსაწყოს შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.