ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა,- აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენი მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.
შეხვედრის მონაწილეებს ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ გააცნო ის შეღავათები, რაც მთავრობამ სასტუმრო სექტორს დაუწესა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და მინისტრმა პირადად ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებისგან მოისმინა ის პრობლემები, რომელიც მათ ამ ეტაპზე დაუდგათ.
„მოვისმინეთ ის საჭიროებები, რაც კონკრეტულად ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს გაუჩნდათ - ეს არის სპეციფიკური საჭიროებები, ვინაიდან საქართველოს სხვა რეგიონებში სასტუმროები ფუნქციონირებას აგრძელებენ, აქ კი იძულებულები გავხდით, იანვრის ბოლომდე შეგვეჩერებინა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების მუშაობა. ცხადია, მათ აქვთ პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაზეც ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ, იქნება ეს ბანკებთან შუამდგომლობა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გარკვეული კომპონენტის მათზე უკეთ მორგება თუ სხვა, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ყველა სასტუმრო ჩართულია მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირებაში. სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გავრცელდა სარესტორნო სექტორზე.
„თუმცა, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მეტი დახმარება და თანადგომა დასჭირდებათ და მათთან ერთად დიალოგის რეჟიმში გამოვკვეთავთ იმ პრობლემატიკას, რაზეც შეიძლება ცალკე ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.