„საქნახშირი” მუშაობას ადაპტირებული განრიგით განაახლებს, - ამის შესახებ კომპანია „საქნახშირის” განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, კომპანიამ განმეორებითი ტესტირება ჩაატარა, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ 1 დეკემბერს „საქნახშირი“ მუშაობას ადაპტირებული განრიგით განაახლებს.
27, 28 და 29 ნოემბერს ტესტირება განმეორებით ჩაუტარდა 774 ადამიანს (ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც პირველი ტესტირებისას კოვიდ დადებითი არ აღმოჩნდა). 716 ადამიანს ვირუსი არ დაუდასტურდა. ისინი დაუბრუნდებიან სამუშაო პროცესებს. 58 კოვიდ დადებითი თანამშრომელი კი ბიულეტენზე გადავიდა და მკურნალობას არსებული რეკომენდაციების დაცვით დაიწყებენ.
„შეგახენებთ, რომ 17 ნოემბერს, ქალაქ ტყიბულში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანია „საქნახშირში“ საწარმოო პროცესები ორი კვირით შეჩერდა. 17 ნოემბერს, ტესტირების შედეგად „საქნახშირში“ 144 ინფიცირებული გამოვლინდა, რომლებიც კოვიდ სასტუმროებში გადანაწილდნენ, დანარჩენი თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
თანამშრომელთა ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საწარმოს გაჩერების მიუხედავად „საქნახშირის“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დასაქმებულებმა გაცდენილი 14 დღის (17.11.2020 – 30.11.2020) შესაბამისი შრომის ანაზღაურება სრულად მიიღონ.
1 დეკემბრიდან, თვითნებური გამოუცხადებლობა ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად და გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად. გაცდენილი დღეების შრომის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც სამსახურში საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდებიან (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური დოკუმენტით უნდა იყოს დადასტურებული)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.