სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების ხელშეწყობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, შოკოლადის მწარმოებელი კომპანია - Camille Bloch შემოვიდა.
სააგენტოს ინფორმაციით, შვეიცარიული კომპანია, რომელსაც 91- წლიანი ისტორია აქვს, საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, რომლის მოსავალიც მათ საქვეყნოდ ცნობილ ბრენდებში იქნება გამოყენებული.
მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარში დაიწყება პირველი 50 ჰექტარის დარგვა, მთლიანობაში კი პროექტი 650 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებსა და ნედლეულის გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 10 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ კომპანიასთან მოლაპარაკება რამდენიმე წელი მიმდინარეობდა.
„მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაზე 2020 წლის იანვარში, საქართველოს პრემიერ - მინისტრსა და კომპანიის მფლობელს შორის დავოსში გამართული შეხვედრის შემდეგ გადავიდა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციის გუნდის ხელშეწყობით, კომპანიამ დეტალური ინფორმაცია მიიღო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ და დამუშავების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოში წარმოების დაწყების შესახებ. პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.