2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიები იზრდება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლრდ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით.
კანონის პროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მიმდინარე წელს შეტანილი ცვლილებების თანახმად განისაზღვრა, რომ 2021 წლიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობას სახელმწიფო პენსია გაეზრდება ყოველწლიურად, კანონმდებლობით დადგენილი ფორმულის მიხედვით, კერძოდ:
ა) 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის მიმდინარე წლის სახელმწიფო პენსია (220 ლარი) უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ზრდა შეადგენს 15 ლარს (13.9 ლარი დამრგვალებული უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე), რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმალურ ზრდაზე ნაკლებია, შესაბამისად 2021 წელს პენსია გაიზრდება 20 ლარით.
ბ) 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის მიმდინარე წლის სახელმწიფო პენსია (250 ლარი) უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტლის რეალური ეკონომიკური ზრდის 80%-ის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ზრდა შეადგენს 20 ლარს (19.2 ლარი დამრგვალებული უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე), რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმალურ ზრდაზე ნაკლებია, შესაბამისად 2021 წელს პენსია გაიზრდება 25 ლარით.
პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის შეადგენს 210 მლნ ლარს, ასევე, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისის თვიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონრების საპენსიო გასაცმლების 30 ლარით ზრდის წლიური ეფექტი და დემოგრაფიის გათვალისწინებით საპენსიო ასაკის მოსახლეობის ზრდის ეფექტი. გაიზრდება სახელმწიფო კომპენსაციიების მიმღებ პირთა კომპენსაციები, რომლებიც მიბმულია სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე (და არ აჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ ზედა ზღვარს).“, - წერია განმარტებით ბარათში.