2021 წლის ბიუჯეტი 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს

2021 წელს მთავრობა 18 მილიარდ ლარს დახარჯავს. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით, წინა ვერსიასთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 313.1 მლნ ლარითაა გაზრდილი. 2021 წელს ხარჯის სახით გათვალისწინებული თანხა ასევე აღემატება 2020 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ გეგმასაც. კერძოდ, სახელწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 2 460.7 მლნ ლარით და შეადგენს 18 384.5 მლნ ლარს.

ამასთან, 2021 წელს საბიუჯეტო ხარჯებში 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

„2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად. სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში მხოლოდ ხარჯვით ნაწილში 892.0 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია 2021 წელს COVID-19-თან დაკავშირებული ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა.