2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 5 563.0 მლნ ლარს შეადგენს.
უწყების ბიუჯეტი გაზრდილია, როგორც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წინა წარდგენასთან, ასევე 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით. კერძოდ, ჯანდაცვის უწყების ბიუჯეტი წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 711.0 მლნ ლარით, ხოლო 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით - 48.0 მლნ ლარით.
სამინისტროს ბიუჯეტში ასახულია ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებიც 2021 წლისათვის. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ცალკეული პროგრამების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მოსახლეობის სოციალური დაცვა - 3 839.9 მლნ ლარი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა - 1 548.6 მლნ ლარი, რაც თავის მხრივ მოიცავს COVID-19-თან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის სერვისებისთვის 400.0 მლნ ლარს; სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა - 30.0 მლნ ლარი; შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა - 8.9 მლნ ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა - 71.8 მლნ ლარი.