ბიუჯეტის პროექტი 2021 წელს დასაფარი სუვერენული ევრობონდის რეფინანსირებისთვის 1 656 850.00 ათასი ლარის მოცულობის ახალი ევრობონდის გამოშვებას ითვალისწინებს

ბიუჯეტის პროექტი 2021 წელს დასაფარი სუვერენული ევრობონდის რეფინანსირებისთვის 1 656 850.00 ათასი ლარის მოცულობის ახალი ევრობონდის გამოშვებას ითვალისწინებს. სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 3 148 000 ათასი ლარი, საიდანაც 2 760 000 ათასი ლარი წარმოადგენს ძირითადი თანხის დაფარვას, ხოლო 388 000 ათასი ლარი - პროცენტის თანხას.

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, სამინისტრომ განახორციელა 6 და 12-თვიანი სახაზინო ვალდებულებების და 2, 5 და 10 წლიანი სახაზინო ობლიგაციების ემისია. 2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების ბოლო აუქციონებზე დაფიქსირებულმა საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთებმა შეადგინა: 6 თვიანზე 8.1%, 12 თვიანზე- 8.1%, 2 წლიანზე - 8.2%, 5 წლიანზე - 8.3%, 10 წლიანზე - 8.8%. ფასიანი ქაღალდების გამოშვების შედეგად მთავრობის საშინაო ვალის ნაშთმა 2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 5 922.9 მლნ ლარი (ფასიანი ქაღალდების დაუფარავი მოცულობა ნომინალებში - 5 935.7 მლნ ლარი და საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებულ ნაშთი - 15.8 მლნ ლარი), აქედან 5 546.3 მლნ ლარი წარმოადგენს ნაშთს სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების ნაწილში, 360.8 მლნ ლარი - „ობლიგაცია სებ-სთვის და ღია ბაზრის ოპერაციებისათვის“ ნაწილში და საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებულ ნაშთი - 15.8 მლნ ლარი.