„პირველი ტალღის დროს 100-ზე მეტი მაღაზია დაიხურა, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები გაჰყვა“ - რა პრობლემის  წინაშეა სადისტრიბუციო სექტორი

„პირველი ტალღის დროს 100-ზე მეტი მაღაზია დაიხურა, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები გაჰყვა“, - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცახადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტალღის პერიოდში სადისტრიბუციო კომპანიებს გადაადგილების ნაწილში პრობლემა არ აქვს, ობიექტების დიდი ნაწილი დაიხურა, რის გამოც, დავალიანების ამოღება კიდევ უფრო გართულდა.

„არის პატარა და მცირე ზომის მაღაზიები, რომლებსაც ძალიან გაუჭირდება ოპერირების გაგრძელება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გადაადგილება არის შეზღუდული. როგორც წესი, ასეთი ობიექტების თანაშრომლები, თუ მეპატრონეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ, შესაბამისად, როდესაც ადამიანს პირობითად საბურთალოზე აქვს მაღაზია, და საკმაოდ მოშორებით ცხოვრობს, ძალიან რთულია მუშაობა. პირველი ტალღის დროს 100-ზე მეტი მაღაზია დაიხურა, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები გაჰყვა. ეს კი, ჩვენ ყველაზე მძიმედ ფინანსურად გვაწვება. იმ დროს, როდესაც ყველა გადასახადი, ეს იქნება დღგ, ხელფასი, თუ ხელფასის საშემოსავლო გადახდილი გვაქვს, ქეშის დეფიციტი სერიოზულ პრობლემას გვიქმნის“,- ამბობს ივა ჭყონია.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნული პრობლემის გამო, სადისტრიბუციო ქსელს მთავრობის მიმართ ორი მოთხოვნა ჰქონდა, რომელთაგან ერთი ნაწილობრივ, მეორე კი არ დაკმაყოფილდა.

„ჩვენი ორი ძირითადი მოთხოვნა გვქონდა. პირველი, რომ საშემოსავლოს გადასახადი შეეჩერებინათ გარკვეული პერიოდი მაინც. ეს ნაწილობრივ დაკმაყოფილდა იმ მიმართულებით, რომ 750 ლარამდე ნულოვანი დაბეგვრაა და 1500 ლარამდე - 50%. სულ არაფერს, ესეც კარგია. და მეორე, დღგ-ს ნაწილში ვითხოვდით დახმარებას იმ კუთხით, რომ მხოლოდ რეალიზაციის შემდეგ მომხდარიყო გადახდა და არა მომენტალურად, როგორც კი იმპორტი მოხდება. ეს ლიკვიდურობას გაუზრდიდა კომპანიებს, თუმცა სამწუხაროდ, უარი მივიღეთ. შედეგად, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ძალიან გაუჭირდებათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელება. მსხვილი კომპანიები შედარებით უფრო მარტივად გადაიტანენ ამ კრიზისს“,- ამბობს ივა ჭყონია.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელძღვანელი იმ დავალიანებაზეც საუბრობს, რომელიც ჰორეკა სექტორს მიმწოდებელი კომპანიების მიმართ დაუგროვდა. როგორც ივა ჭყონია ამბობს, საუბარია, დაახლოებით 30 მლნ ლარზე მეტ ვალზე, 2 -თვიანი ჩაკეტვა კი, კიდევ უფრო მძიმე შედეგის მომტანი იქნება.

როგორც ივა ჭყონია განმარტავს, ბევრ ობიექტს, რომელიც ოპერირებას ვერ გააგრძელებს, ეს ვალები უბრალოდ ჩარჩება და მისი ამოღება ვეღარ მოხდება.

ნინი ქეთელაური