„ადამიანებმა გადაინაცვლეს კერძო სახლებში და აპარტამენტებში, იქ დაიწყეს შეკრებები“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცის დამფუძნებელმა, რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენელმა ქეთი კვიჭიძემ განუცხადა. შესაბამისად, მისივე თქმით, ეფექტურობა პანდემიასთან ბრძოლისთვის ამ რეგულაციით - კვების ობიექტების დაკეტვით - რეალურად ვერ მივიღეთ.
„ურთულესი მდგომარეობაა, ბევრმა რესტორანმა ვერ მოახერხა გადასვლა გატანის სერვისზე. რეგიონებში ან ქალაქგარეთ მყოფი რესტორნები დაიკეტა. ძირითადი მოთხოვნა დელივერზე აზიურ რესტორნებს, პიცას, ბურგერს და ხინკალს აქვს. აზიური კერძები გადატანის დროს ინარჩუნებენ პირვანდელ სახეს და მთელ მსოფლიოშია ასეა, იტალიაში სუში უსწრებს პიცას გაყიდვებით.
ასევე ცუდი ისაა, რომ ადამიანებმა გადაინაცვლეს კერძო სახლებში და აპარტამენტებში და იქ დაიწყეს შეკრებები. რესტორანს გაუჩერდა ბიზნესი, მაგრამ ეფექტურობა პანდემიასთან ბრძოლისთვის ამ რეგულაციით რეალურად ვერ მივიღეთ. რესტორნები უფრო მეტად ახერხებდნენ დაცვას, ხოლო ახლა საკუთარ სახლებში მოწყობილი ივენთები უმართავია.
ჩვენ კი მივიღეთ ბევრი უმუშევარი ადამიანი, თანამშრომლებს გაუნახევრდათ ხელფასები შემცირებული შემოსავლის გამო, უმრავლესობამ კი დაკარგა სამსახური. 30%-ით იკლო ამ კვირაში ისედაც განახევრებულმა შემოსავალმა. ტერასებზე რომ დაეტოვებინათ სტუმრის მიღების უფლება,ზამთრის მიუხედავად მაინც პატარა შეღავათი იქნებოდა ჩვენთვის. გვესმის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა უმთავრესია და ჩვენც ვზრუნავთ, მაგრამ ისმის კითხვა, რეგულაცია რამდენად ეფექტურია, როდესაც ამდენი სხვა ფაქტორია გავრცელების? ამ დროს კი ადამიანები რჩებიან სამსახურის გარეშე, ჯაჭვური რეაქციით კი ჩვენთან მიბმული კომპანიები და სფეროები სავალალო მდგომარეობაში ვარდებიან“, - განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.