საქართველოს კლინიკების ასოციაცია ეპიდვითარების გამო ამჟამად არსებულ პრობლემებზე საუბრობს და სათანადო რეკომენდაციებს გასცემს.
მათი განმარტებით, პრობლემის არსი არის შემდეგი: გადატვირთული კლინიკები; არადროული ტრიაჟი; მასიური ტესტირების განუხორციელებლობა; სამედიცინო პერსონალის დეფიციტი; სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ნაკლებოპერატიულობა და ვირუსულ დაავადებასთან დაკავშირებით მოსახლეობის ნაკლებინფორმირებულობა.
საქართველოს კლინიკების ასოციაციის ცნობით, პრობლემების აღმოსაფხვრელად უნდა გატარდეს შემდგომი ღონისძიებები: „1) კლინიკური დატვირთვის შემსუბუქების მიზნით დიდ კლინიკებთან უნდა მოეწყოს ,,ტრიაჟცენტრები“ და სამხედრო საველე ჰოსპიტლები, სადაც განთავსდებიან მსუბუქი სიმძიმის, მაგრამ საყურადღებო (გართულების მაღალი რისკის მქონე) პაციენტები, რომელთა დინამიკაში მეთვალყურეობა აუცილებელია ჰოსპიტალურ პირობებში, ხოლო სტაციონარულ სექტორში განთავსდებიან მხოლოდ საშუალო და მძიმე პაციენტები. 2) ტრიაჟის ოპერატიულ რეჟიმში განხორციელება და პაციენტის მდგომარეობის ზოგადი სტატუსის შეფასება უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის პირველადი რგოლის მიერ, ოჯახის ექიმების აქტიური ჩართულობით და დამატებით საველე ,,ტრიაჟცენტრებში“ სამხედრო ექიმების დახმარებით; 3) ინფიცირებული მოსახლეობის სრულყოფილი მონიტორინგის და დროული იზოლაციის მიზნით უნდა დაიწყოს მასიური ტესტირება ,“კარდაკარის“ პრინციპით, მარტივი სწრაფტესტების გამოყენებით, რომელსაც უპრობლემოდ განახორციელებს სამხედრო სან-ინსტრუქტორები და მაშველები; ამავე დროს, პროფილის მიუხედავად, ყველა სახის კლინიკასა და ამბულატორიაში უნდა ჩატარდეს პაციენტთა ტესტირება იზოლაციის წესთა სრული დაცვით; 4) სტაციონარულ სექტორში სამედიცინო პერსონალის (ექიმი, მედდა, სანიტარი) დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით სამოქალაქო სამედიცინო სექტორს დროულად უნდა დავახმაროთ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები, სან-ინსტრუქტორები და სანიტრები. რაც არსებულ ვითარებაში საგრძნობლად განტვირთავს მედპერსონალის დატვირთვას, რომელიც ანორმული ხასიათისაა და 24 საათში შეადგენს 1 ექიმზე საშუალოდ 8 პაციენტის ნაცვლად - 24 პაციენტს, 1 მედდაზე საშუალოდ 4 პაციენტის ნაცვლად - 12 პაციენტს. მსგავსი რეჟიმით მუშაობას დამატებითი ძალების დახმარების გარეშე ადამიანური რესურსი ფიზიკურად ვერ გაუძლებს; 5) მიმღებ სტაციონართან სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტლებისა და ,,ტრიაჟცენტრების“ არსებობით, გამარტივდება ინფიცირების ნიშნების მქონე პაციენტთა დიფერენციაცია, განიტვირთება რიგები და სწრაფად განთავისუფლდებიან სასწრაფო დახმარების ჯგუფები შემდგომი რეაგირებისთვის. 6) საქართველოს კლინიკების ასოციაცია დაინტერესებულ ტელეკომპანიებს გთავაზობთ COVID 19-თან დაკავშირებით ერთობლივ სამედიცინო-შემეცნებით პროექტს - ,,ტელემკურნალი“, სადაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონკრეტული რჩევების, დაავადების პრევენციის, პროფილაქტიკის, პათოგენეზის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ მოქალაქეთა უკეთ ინფორმირების მიზნით, ამავე დროს მოსახლეობის თვითშეგნების და მათი ფსიქო-ემოციური სტატუსის უფრო მეტად ამაღლების თვალსაზრისით, სრულიად უანგაროდ და ქველმოქმედებით ითანამშრომლებს ყოველდღიურ შემეცნებით გადაცემათა ციკლში, რომლის ფარგლებშიც სტუდიაში და დისტანციურად მოწვეული აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანები გასცემენ მაღალკვალიფიციურ რჩევებს. შედეგები: 1) განიტვირთება სტაციონარული სექტორი და გამონთავისუფლდება საწოლები მძიმე პაციენტთათვის; 2) განიტვირთება მიმღები განყოფილებები და ტრიაჟი იქნება უფრო ეფექტური; 3) დროულად მოხდება ინვაზირებული პაციენტების გამოვლენა და იზოლაცია; 4) შეივსება სამედიცინო პერსონალის დეფიციტი; 5) გაიზრდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოპერატიულობა; 6) მოიმატებს მოსახლეობის ინფორმაციულობა ვირუსულ ინფექციაზე, დაიხვეწება ქცევის წესები და ამაღლდება თვითშეგნება.
ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით დარწმუნებული ვართ გადავდგამთ პოზიტიურ ნაბიჯებს, ეფექტურ დახმარებას აღმოვუჩენთ სამოქალაქო სამედიცინო სექტორს და ერთგვარად პანიკაში ჩავარდნილ მოსახლეობას“,-აღნიშნულია საქართველოს კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.