ეკონომიკური ექსპერტის, აკაკი ცომაიას განცხადებით, საქართველოს მიერ აღებული საგარეო ვალის მაჩვენებელი კრიტიკულია.
მისივე განმარტებით, როდესაც ვალი აღწევს კრიტიკულ დონეს, მსოფლიო საზოგადოების შეფასებით, ქვეყანა დგება დეფოლტის რისკის წინაშე. ცომაიას თქმით, იმ ფონზე, რომ ლარი შეიძლება კიდე უფრო მეტად გაუფასურდეს, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საგარეო ვალის ტვირთი.
„როდესაც ვალი აღწევს კრიტიკულ დონეს, მსოფლიო საზოგადოება ამას უყურებს, რომ ქვეყანა დგება დეფოლტის რისკის წინაშე ანუ დანარჩენ მსოფლიოს გადაჰყავს ქვეყანა მაღალი რისკის ქვეყნების კატეგორიაში და საერთაშორისო ინვესტორები უკვე აღარ აძლევენ მეტ კრედიტს და ამავე დროს, კაბალური საპროცენტო განაკვეთის პირობებით ხდება სესხის გაცემა. დეფოლტის რისკის წინაშე დადგომა ქვეყნისთვის არის კატასტროფა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ყველა საერთაშორისო ინვესტორი გავა საქართველოდან.
კრიტიკულია საქართველოს ვითარება - 60%-მდე არის ასული საგარეო ვალი და მგონი, გასცდა კიდეც. იმ ფონზე, რომ ლარი შეიძლება კიდვ უფრო მეტად გაუფასურდეს, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ვალის ტვირთი,“- განაცხადა აკაკი ცომაიამ.
მან ქვეყნის ეკონომიკის 4,3%-ით ზრდის პროგნოზიც შეაფასა და განაცხადა, რომ ეს არარეალურია მოცემულ პირობებში, როდესაც ძალიან ბევრი რისკია. მისი თქმით, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როდის გამოცოცხლდება ტურიზმი.
„ვფიქრობ, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, არის გადაჭარბებული. ჩემთვის არ არის ცნობილი ჯერ ეკონომიკა რამდენი პროცენტით გაიზრდება, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გამოცოცხლდება ტურიზმის სექტორი და როდის აღდგება ის კავშირები და აქტივობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პანდემიამდე. იქამდე, სანამ ეს არ მოხდება, მსჯელობა იმაზე, რომ ეკონომიკა 4,3 %-ით გაიზრდება კონკრეტულ წელს, ძალიან რთული და ვფქრობ, რომ არარეალურია. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი რიგითი წელი, რომელიც გადადის მომავალ წელს და ეკონომიკური რყევები არ ხდება, ამ შემთხვევაში შეიძლება ასეთი პროგნოზის გამოთქვა, მაგრამ მოცემულ პერიოდში, როდესაც ძალიან ბევრი რისკი და გაურკვევლობის ფაქტორია, ასეთი პროგნოზების გაკეთება არასწორია,“- განაცხადა ცომაიამ.