15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. მშობლები ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე.
„2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება. 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე; სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი კი, მნიშვნელოვნად უმჯობესდება. გაუმჯობესებულ პირობებს იუსტიციის სახლსა და სს „გეფას“ შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც 1-ლ დეკემბერს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კოხრეიძემ და სს „გეფას“ დირექტორმა მიხეილ აბრამიძემ.
პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ.
სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს.
პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ 15 000-ზე მეტ ახალშობილს გადაეცა; დღეიდან კი, პროექტის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში დაბადებული ყველა ახალშობილის დასაჩუქრებას გულისხმობს, ბენეფიციართა რაოდენობა წლიურად 50 000-ს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს სისტემატური სახე ექნება, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლმა სოციალურად დაუცველი ახალშობილების დასაჩუქრება მუდმივ ვალდებულებად აიღო“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.