ფედრეზერვი - შტატების ეკონომიკაში გაურკვევლობა შენარჩუნდება

კორონავირუსის წინააღმდეგ გამოსაყენებელი ვაქცინების შესახებ პოზიტიური ინფორმაციების მიუხედავად, აშშ-ის ეკონომიკაში რჩება გაურკვევლობა, რომელსაც ქმნის პრეპარატების გავრცელების ვადები. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის ფედერელური სარეზერვო სისტემის დირექტორის ჯერომ პაუელის (რომელიც შტატებში ცენტრალური ბანკის ფუქნციას ასრულებს) წერილში, რომელიც მომზადდა სამშაბათს სენატში დაგეგმილ ბანკების, საცხოვრებლებისა და საქალაქო საქმეების კომიტეტზე მოსმენისთვის.

„აშშ-ის ეკონომიკა განაგრძობდა აღდგენას მეორე კვარტლის დეპრესიული მდგომარეობის შემდეგ. ეკონომიკის გახსნამ მოიტანა აქტიურობის სწრაფად აღდგენა, რეალური მშპ მესამე კვარტალში გაიზარდა 33%-ით, თუმცა ბოლო თვეებში ტემპი შენელდა“ - ნათქვამია წერილში.

ფედრეზერვის მონაცემებით მოქალაქეების ხარჯები გრძელვადიანი მოხმარებისთვის საჭირო პროდუქციაზე კრიზისამდელ პერიოდს აჭარბებს, მაშინ როცა ხარჯები მომსახურების სფეროში რჩება დაბალი, მოქმედი შეზღუდვების გამო, რომელიც კრძალავს გარკვეული რაოდენობით ადამიანების თავშეყრას.

„ამასთან, ხარჯების ზრდა დაკავშირებულია ასევე მასტიმულირებელ პაკეტებთან და იმ შემწეობებთან, რომელიც მიმართულია უმუშევრობის წინააღდმეგ ბრძოლისთვის“ - აცხადებს პაუელი და დასძენს, რომ ეკონომიკისთვის პერსპექტივები საკმაოდ გაურკვეველია და მეტწილად დამოკიდებული იქნება ვირუსის გავრცელების შეკავებასთან. „სრულად აღდგენა ნაკლებსავარაუდოა მანამდე, სანამ მოსახლეობა არ დარწმუნდება საქმიანობის ფართო სპექტრში დაბრუნების უსაფრთხოებაში“, - ამბობს ის.

წერილში წერია, რომ ვაქცინის შესახებ ბოლო ინფორმაციები ძალიან პოზიტიურია საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუმცა გაურკვევლობას იწვევს და გამოწვევად რჩება თავად ვაქცინის წარმოებისა და მიწოდების ვადების შესახებ დაუზუსტებელი ცნობები. „აქედან გამომდინარე, ჯერ ძალიან რთულია შეფასდეს ეკონომიკის აღდგენის ვადები და მასშტაბები“ - აღნიშნულია მიმართვაში.

კოკა კვირკველია