დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, "ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა.
დედაქალაქის მერიის ცნობით, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან გამართული შეხვედრის მიზანი ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების, კერძოდ, სარემონტო ობიექტების დასრულებისთვის თანხების მობილიზების საკითხის განხილვა და შესაბამისი განაცხადების წარმოდგენის პროცედურებთან დაკავშირებით სამშენებლო სექტორის ინფორმირება იყო.
"თბილისის მერიამ „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელ მშენებლობებზე მუშაობა, კომისიის ფორმატში, 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. შესაბამისმა კომისიამ „ცენტრ პოინტის“ 16 დაუმთავრებელი მშენებლობიდან 6 ობიექტზე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ აღნიშნული 6 სამშენებლო ობიექტის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის მომზადდა ჩასატარებელი სამუშაოების ნუსხა, ასევე, სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომლის ფარგლებშიც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის ტენდერი ჩატარდა.
ამ ეტაპზე, წინამოსამზადებელ სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს კომპანია „მეტტა“. სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებელი გაგრძელებისთვის საჭიროა გარკვეული თანხების აკუმულირება.
შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების, მათ შორის, ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების დასრულების საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, რადგან, შენობა-ნაგებობების დასრულებას და ექსპლუატაციაში მიღებას ელოდება ათასობით დაზარალებული პირი, მათ შორის, ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან საცხოვრებლის არქონის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, "ცენტრ პოინტის“ სარემონტო-სამშენებლო ობიექტების დროული დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის თანხების აკუმულურების მიზნით, მერია გამოთქვამს მზადყოფნას, მიიღოს და განიხილოს სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენელთა წინადადებები მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისთვის", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.