დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდება.
,,ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება მთავრობას უკვე მიღებული აქვს და საკითხს მთავრობის უახლოეს სხდომაზე, მიმდინარე კვირაში განიხილავენ.
ცნობისათვის, დიზელის საწვავზე ევრო-5-ის სტანდარტი 2021 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა კორონავირუსის გამო აზერბაიჯანმა ქარხნის დროულად გადაიარაღება ვერ მოახერხა. შესაბამისად, „სოკარმა“ მორატორიუმის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება მოითხოვა.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის პოზიციით კი, თუ მორატორიუმის გადავადება არ მოხდა, გაიზრდება ფასი დიზელზე, მათი მოთხოვნაც რეგულაციის კიდევ ერთხელ გადავადებაა.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა მორატორიუმს კიდევ ერთხელ არ გადაავადებს, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევრო 5-ის ტიპის სტანდარტის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში დიზელის საწვავზე მოქმედი ხარისხობრივი ნორმები ევრო 4-ის სტანდარტს შეესაბამება. ამასთან, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული დიზელის საწვავი ევრო4-ის სტანდარტია და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ევრო 5-ის ტიპის დიზელის საწვავის წარმოებას 2022 წლიდან გეგმავს. შესაბამისად, რეგულაციის 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედების შემთხვევაში 2022 წლამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დიზელის საწვავის იმპორტი სრულად შეიზღუდება.
ინფორმაციისთვის, ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი საქართველოსთვის დიზელის საწვავის მთავარი მომწოდებელია. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 419,4 ათასი ტონა, საიდანაც იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 159,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 38%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 99,5 ათასი ტონა (23,7%), რუმინეთი - 56 ათასი ტონა (13,3%), თურქმენეთი - 55,9 ათასი ტონა (13,3%), და სხვ.