წყალმომარაგების კომპანია გუდაურში 40 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, საკურორტო ზონებში წყლისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.

კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, გუდაურში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო და არსებული ვითარება შეაფასა.

„შეგვიძლია ვთქვათ რომ, გუდაურში წყლის საკმარისი რაოდენობაა. გათოვლიანების სისტემისთვის დაახლოებით 80 000 კუბური მეტრი მოცულობის წყალი უკვე განთავსებულია რეზერვუარში. შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე კურორტი აღნიშნული წყლის მარაგს გამოიყენებს გათოვლიანებისთვის. გარდა ამისა აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა", - აღნიშნა გიგა მანდარიამ.

კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაურში, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს.

„პროექტებით გათვალისწინებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. დასრულების ეტაპზეა სათავე ნაგებობებისა და ჭაბურღილების მოწყობა. გარდა ამისა, კომპანიამ უკვე დაასრულა გათოვლიანებისთვის საჭირო ხელოვნური რეზერვუარის წყლით შევსება. სამუშაოების შედეგად, გუდაურის მოსახლეობა და იქ ჩასული დამსვენებლები წყლისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით იქნებიან უზრუნველყოფილნი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობები მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების რისკებს რეგიონში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.