სინგაპურმა ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის გაყიდვის ნებართვა გასცა

სინგაპური პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ლაბორატორიაში შექმნილი ქათმის ხორცის გაყიდვის ნებართვა გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სინგაპურის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკულ სტარტაპ Eat Just-ს ლაბორატორიაში დამზადებული ქათმის ხორცის სინგაპურში გაყიდვის საშუალებას აძლევს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ე.წ. „სუფთა ხორცი“ თავდაპირველად „ნაგეთსების“ სახით გაიყიდება, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის გახდება ცხოველების კუნთების უჯრედებისგან ლაბორატორიაში დამზადებული ხორცი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი.

BBC-ი წერს, რომ მთავარი გამოწვევა, რაც ლაბორატორიაში შექმნილ ქათმის ხორცს ბაზარზე დახვდება, მისი ფასია. Eat Just-ის მიერ წარმოებული ქათმის „ნაგეთსების“ ფასი თავდაპირველად 50 აშშ დოლარი იყო, მოგვიანებით ფასი შემცირდა, თუმცა ის მაღალი ხარისხის ქათმის ხორცის ფასს არც ამჟამად ჩამოუვარდება. კომპანიისთვის კიდევ ერთი გამოწვევა მომხმარებელთა რეაქცია იქნება. თუმცა, ვარაუდობენ, რომ სინგაპურის მიერ ლაბორატორიაში წარმოებული ხორცის გაყიდვის ნებართვის გაცემა Eat Just-ის კონკურენტებისთვის სტიმულის მიმცემი გახდება, გარდა ამისა, არ არის გამორიცხული სინგაპურს სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ.