გაერთიანებულმა სამეფომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მომავალი კვირიდან გამოყენების ნებართვა გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„დღეს მთავრობამ მიიღო მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების დამოუკიდებელი მარეგულირებელი სააგენტოს (MHRA) რეკომენდაცია Pfizer-BioNTech– ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დამტკიცების შესახებ”, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი მომავალი კვირიდან გახდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა კოვიდ 19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს. ვაქცინა ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გამოსცადეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა.