კახა კალაძე - ძალიან მალე თბილისს ექნება ახალი ევროპული ტიპის ვაგონები

ძალიან მალე თბილისს ექნება ახალი ევროპული ტიპის ვაგონები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა დარგის სპეციალისტებს, დიზაინერებს მოუწოდა, სურვილის შემთხვევაში ჩაერთონ მეტრო „ვარკეთილის“ დიზაინის პროექტის შექმნაში.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება, ვაგონების შესყიდვა. ძალიან მალე თბილისს ექნება ახალი ევროპული ტიპის ვაგონები. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ვესტიბიული, ქვედა ბაქანი მძიმე მდგომარეობაშია და ბევრი მეტროსადგური საჭიროებს რეაბილიტაციას.

ჩვენ ერთ-ერთი ასეთი გვაქვს მეტრო „ვარკეთილი“, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხდა დიზაინის შერჩევა. ჩვენ გვყავდა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც რამდენიმე ვარიანტი წარმოადგინა, თუ როგორ უნდა გაკეთებულიყო მეტრო „ვარკეთილი“, თუმცა, ის იქნა დაწუნებული, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო გაჟღერებული.

მინდა მოვუწოდო დარგის სპეციალისტებს და დიზაინერებს, ვისაც აქვთ სურვილი, ჩაერთონ და დაგვეხმარონ ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაში, დიზაინის გაკეთებაში, რომ პროექტი გავაკეთოთ.

ვიცი, რომ თბილისს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ბევრ ადამიანს აქვს სურვილი ჩაერთოს სხვადასხვა პროექტში, მინდა ვთხოვო ამ დარგის წარმომადგენლებს დაგვეხმარონ. დარწმუნებული ვარ, ვარკეთილის მეტროსადგური იქნება ერთ-ერთი ულამაზესი და საუკეთესო“, - განაცხადა კალაძემ.