კახა კალაძე - თბილისი თავისი სიმწვანით მართლაც იქნება მოწინავე ქალაქი ევროპაში

თბილისი მართლაც იქნება მოწინავე ქალაქი ევროპაში თავისი სიმწვანით,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან გლდანის მერვე მიკრორაიონში მოწყობილი ახალი დასასვენებელი სივრცის პრეზენტაცია გააკეთა და აღნიშნა, რომ კიდევ ბევრი პროექტია განსახორციელებელი, იქიდან გამომდინარე, რომ დედაქალაქში ბევრი თავისუფალი სივრცეა.

„ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, არის არსებული სკვერების, არსებული პარკების განახლება, მოწესრიგება, მშენებლობა და ძალიან ბევრი კარგი პროექტი გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. მე მინდა შევეხო ერთ პროექტს, რომელიც გლდანის მერვე მიკრორაიონში გლდანის გამგეობის მიერ განხორციელდა. ეს კონკრეტული სივრცე ძალიან ცუდ და მძიმე მდგომარეობაში იყო და წარმოებული სამუშაოების შედეგად, მოეწყო ძალიან კარგი თანამედროვე სივრცე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, შეიძლება ითქვას, ყველა თაობის ადამიანისთვის. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდა კონკრეტული ტერიტორია, ასევე, დამონტაჟდა გარე განათება, სარწყავი სისტემები, დაითესა ბალახი, ახალი ხე-მცენარეები დაირგო, ასევე, განთავსებულია საბავშვო ზონა, მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე არის შექმნილი, შადრევანია გაკეთებული, ხელოვნური მდინარე, კალათბურთის მოედანი, მაგიდის ჩოგბურთისთვის არის ღია სივრცე, სკეიტბორდის მოედანი და ფიტნეს ზონა. იცით, რომ სადაც შევდივართ სამუშაოებით, იმის გათვალისწინებით თუ რა შესაძლებლობას იძლევა კონკრეტული არეალი, კონკრეტული სივრცე, ყველა პროექტთან გვაქვს ერთი და იგივე მიდგომა, რომ იყოს მოწესრისგებული, განახლებული, შეიქმნას სივრცეები, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიმყუდროვე შევუქმნათ თბილისელებს. ბევრი პროექტია გასაკეთებელი კიდევ, იმიტომ, რომ ბევრი კარგი სივრცეა, სადაც შეიძლება ასეთი სამუშაოების განხორციელება,“- განაცხადა კალაძემ.