ბერდია სიჭინავა - დღეიდან 1-ელ თებერვლამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს

დღეიდან ორი თვის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, - ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი განმარტებით, სახელმწიფო დღეში, დაახლოებით, 20 ათას ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ გაკეთებული ტესტების რაოდენობა.

„სახელმწიფო დღეში გააკეთებს, დაახლოებით 20 ათას ტესტს, ხოლო ამას დაემატება კიდევ კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები. განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, სწრაფი გამოვლენა ინფიცირების შემთხვევების, რაც გულისხმობს, მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას დაუყოვნებლივ, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუმროებში განთავსებას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას. ამ მიზნით, 2 თვის განმავლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობა და ტესტირების გაფართოება შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენისა და ინფიცირებულების იზოლირების მიზნით,“ - განაცხადა სიჭინავამ.