საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ტესტის პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოქალაქეები კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში.
„მოქალაქეებს არ მოუწევთ საკარანტინო სასტუმროებში განთავსება. ვისაც არ ექნებათ თვითიზოლაციის საშუალება, სახელმწიფო უზრუნველყოფს კოვიდ სასტუმროებში მათ განთავსებს“, - განაცხადა სიჭინავამ.
მისივე თქმით, ასევე შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოვიდვაქცინაციის უზრუნველყოფის კუთხით მუშაობს.
„შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის შეუფერხებელი უზრუნველყოფის კუთხით, რაც გულისხმობს ვაქცინაციის დროულ შემოტანას და მოსამზადებელი სამუშაობის ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოჯისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას“, - განაცხადა სიჭინავამ.