კერძო ბაღები, რომელთა ფუნქციონირებაც უკვე ცხრა თვეა შეჩერებულია, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.
ხელისუფლება კი უგულებელყოფს სექტორის არსებობას, რომლსაც 30 000 დასაქმებული ჰყავდა და ისინი, უმუშევრად დარჩნენ - ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საგანმანათლებლო ასოციაცია ,,მნათის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგი სისვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბაზარზე არსებული 250 კერძო ბაღი დახურულია და უცნობია, რამდენი შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას.
,,სექტორი უკიდურესად მძიმე ვითარებაშია. 250 კერძო ბაღიდან ფუნქციონირება შეჩერებული აქვს აბსოლუტურად ყველას. ხელისუფლებასთან ცალმხრივი კომუნიკაცია გვაქვს, ჩვენ ვაყენებთ მოთხოვნებს, ვითხოვთ შეხვედრას, ომბუდსმენი გვპირდება, რომ ჩვენი საკითხი განიხილება ცალკე, თუმცა უწყებათაშორისი კომისიის არც ერთ სხდომაზე არ მომხდარა ჩვენი საკითხის დაყენება. არადა, საგანმანათლებლო სექტორში, ყველაზე მეტად დაზარალდნენ კერძო ბაღები. ჩვენ ვერც ონლაინ სერვისს შევთავაზებთ მოსწავლეებს, არც შეღავათები შეგვხებია და მეტიც, სახელმწიფო საჯარო ბაღები აღსაზრდელებს თუ ყოველდღიურ საკვებს სახლში უგზავნის, ესეც კი არ ეხებათ მათ, ვინც ჩვენთან სწავლობს. ასევე, საჯარო ბაღების მასწავლებლებს, ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან ერიცხებათ ხელფასი ჩვეულებრივ, მაშინ როცა კერძო ბაღების თანამშრომლები უკვე 9 თვეა უხელფასოდ არიან.
მთავრობამ თქვა, რომ ოქტომბრიდან შეგვეძლო დაგვეწყო მუშაობა და ბოლო თანხები გავიღეთ კოვიდ რეგულაციების დასაკმაყოფილებლად, ვიყიდეთ ინვენტარი, ხსნარები და ორ დღეში დაგვკეტეს. ამას ჯობდა გარკვევით ეთქვათ, რომ ვერ გვხსნიან და არ გავიღებდით სახსრებს“,-განაცხადა მან.
სისვაძე იმ ძირითად მოთხოვნებზე საუბრობს, რაც ასოციაციას ხელისუფლებასთან აქვს.
,,ჩვენი მოთხოვნაა, რომ შეგვიჩერდეს ქონების გადასახადი, რადგან ჩვენ, ჩვენი ქონებით სარგებლობის უფლება არ გვეძლევა. ასევე საშემოსავლო გადასახადის შეჩერებას ან გადავადებას ვითხოვთ. მთავარი მოთხოვნა კი კომუნიკაციაა. 30 000 ადამიანია სექტორში დასაქმებული და ცხრა თვეა ერთი ადამიანი არ მოიძებნა მთავრობიდან, ვინც გაგვცემს პასუხს, რა ბედი ელის ჩვენს სექტორს. გვესმის, რომ პრემიერი ვერ შეხვდება ყველას და ამას არც ვითხოვთ. სექტორული სამინისტროებიდან შეგვხვდეს და გაგვცეს პასუხი ვინმემ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე. უწყებები ერთმანეთთან გვამისამართებენ არგუმენტით, რომ ეს მათ არ ეხებათ.
სამი ძირითადი პრობლემაა, შეღავათები და დახმარება, საბანკო ვალდებულებების პირისპირ დარჩენილი სექტორი და საიჯარო ხელშეკრულებები. ჩვენ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა, ვითვალისწინებთ შექმნილ ვითარებას, მაგრამ ვერ ვხედავთ მთავრობის პასუხისმგებლობას. საერთოდ არაფერს ამბობენ, გეგონება არც არსებობს ჩვენი სექტორი, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ კერძო ბიზნესს უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს. უნდა თქვან რას აპირებენ“-განაცხადა სისვაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.