„ჩვენი მიზანია, ციფრულ ეპოქაში საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი საჭირო სერვისებითა და ინფრასტრუქტურით"

„ინტერნეტმმართველობის ფორუმი იძლევა საუკეთესო შესაძლებლობებს, დარგის ექსპერტებთან ერთად, ჩამოყალიბდეს ერთიანი ხედვა, თუ როგორ გავუმკლავდეთ ინტერნეტის სფეროში არსებულ პრობლემურ გამოწვევებს და რა ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ ციფრულ საუკუნეში საქართველო იყოს ღირსეულად წარმოდგენილი საჭირო სერვისებითა და ინფრასტრუქტურით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი - GeoIGF 2020 მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი წელს ონლაინ-ფორმატში იმართება და მისი მხარდამჭერია ევროპის საბჭო, ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), ICANN და RIPE NCC-ს. ორდღიანი ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინტერნეტსაზოგადოება ISOC Georgia-ს და კომუნიკაციების კომისიის მასპინძლობითა და თანაორგანიზებით იმართება. აკაკი საღირაშვილის განცხადებით, პანდემიამ ხაზგასმით აჩვენა მსოფლიოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტის განვითარება და წვდომა ინტერნეტით განათლების, ჯანდაცვის და სხვა მნიშვნელოვანი სერვისების მიღებაზე.

„ერთი მხრივ, ჩვენი მიზანია, რომ ინტერნეტი იყოს ღია და ამავდროულად ცხადია, დაცული. თუმცა, როდესაც ინტერნეტის ღიაობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს პერსონალური მონაცემების დაცვის კომპონენტები, ადამიანის უფლებები ამ სივრცეში, კიბერუსაფრთხოების ასპექტები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის და გამოწვევაა. ეს ფორუმი ამ გამოწვევებზე მსჯელობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა და კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის კარგი პლატფორმაა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სწორედ ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფა.

„ამ მიზნით დავიწყეთ ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს საპილოტე რეგიონში და მსოფლიო ბანკთან მიღწეული შეთანხმებით, უკვე მომავალი წლიდან ვიწყებთ პრაქტიკულ იმპლემენტაციას დანარჩენი საქართველოს მასშტაბით, ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარებისთვის - შემუშავებულია 2020-25 წლების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რასაც ასევე ვახორციელებთ“, - განაცხადა საღირაშვილმა.

სამინისტროს ცნობით, ინტერნეტმმართველობის ფორუმზე, რომელიც 2-3 დეკემბერს იმართება, განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გიგაბიტ საზოგადოებისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის და პერსონალური მონაცემების გაცვლის მიმართულებები; ადამიანის უფლებები ციფრულ სამყაროში; ბავშვთა კოდექსი და ინტერნეტი; საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ეკოსისტემა და არსებული გამოწვევები, მომხმარებლის კიბერმზაობა; ზედა დონის დომენური სახელის .GE გამოწვევები და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა COVID-19 - ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს. ღონისძიება საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ ინტერნეტმმართველობის განვითარების მიმართულებით. ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან მრავალმხრივ პლატფორმას წლის განმავლობაში, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხებისა და პროექტების განსახილველად.