ლარის კურსის გაუფასურების გამო 2020 წლის 8 თვეში მთავრობის ვალი დაახლოებით 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის ვალი 8 თვის განმავლობაში 5.6 მლრდ ლარით გაიზარდა და 25.5 მლრდ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება მთავრობის ვალის ზრდის მიზეზს, ვალის 5.6 მლრდ ლარით გაზრდა ახალი სესხების აღებამ განაპირობა და ეს ეფექტი ზრდის 67.1%-ს შეადგენს, ხოლო ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტი 32.9%-ია. შესაბამისად აღნიშნულ პერიოდში მთავრობის ვალი 1.8 მლრდ ლარით სწორედ კურსის გაუფასურების გამო გაიზარდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მთავრობის საგარეო ვალის სტრუქტურაში, ვალუტების მიხედვით, დომინირებს ევროში აღებული სესხების მოცულობა (39.5%), რაც 2019 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 8 პროცენტული პუნქტით აღემატება.