,,ზღვარზე ვართ, ან ფასი უნდა გავზარდოთ, ან პროდუქციის ხარისხი დავწიოთ“- საკონდიტროები გაზის გაძვირებაზე

იანვრიდან თბილისში კომერციულ აბონენტებს ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით , 86 თეთრიდან 1.1 ლარამდე გაეზრდებათ.

მცირე საკონდიტრო საწარმოების წარმომადგენლები ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობენ, რომ გაზის გაძვირების გამო ფასის მატება მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე უბრალოდ, გარდაუვალია.

,,დიდებული ტორტების“ საკონდიტრო სახლის წარმომადგენელის თქმით, პანდემიის პირობებში განახევრებულ მოთხოვნას, გაზრდილი გაზის ტარიფი კიდევ უფრო შეამცირებს, რადგან კომპანიას ასეთ დროს, ფასების ზრდა მოუწევს.

,,აბსოლუტურად, ყველა პროდუქტზე ფასი გაზრდილია და ბუნებრივია, რომ ამ პირობებში კიდევ გაზის ფასის ზრდა გამოიწვევს პროდუქციის ფასის მატებას, რაც შემცირებული მოთხოვნის პირობებში, ბიზნესისათვის რთულად გადასადგმელი ნაბიჯია“,-ამბობს საკონდიტრო სახლის წარმომადგენელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ფასის მატება გარდაუვალი იქნება, ასეთია დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკონდიტრო, ,,სახლური ტორტების“ წარმომადგენლის შეფასება.

,,მოთხოვნა შემცირებულია იმასთან შედარებით, რაც ჩვეულებრივ გვაქვს. ახლა გაზს ტარიფის მატება გვაყენებს ასეთი დილემის წინაშე, ან გავზარდოთ ფასი ან დავწიოთ პროდუქციის ხარისხი. რეალურად ზღვარზე ვართ ყველა პროდუქტის გაძვირების გამო და იანვრიდან დამატებით ეს კომპონენტი უფრო მეტად გაზრდის თვითღირებულებას.

ხარისხის დაწევას არც განვიხილავთ, ფასის მატებისგანაც ჯერ თავს ვიკავებთ, არადა პროდუქტის ღირებულება უფრო და უფრო იზრდება და ფასის მატებაც გარდაუვალი ხდება.“- ამბობს ,,სახლური ტორტების“ წარმომადგენელი.

კომპანია ,,ღუმელიდან“ პანდემიის პირობებში გაიხსნა. ამბობენ, რომ ბიზნესისათვის პანდემიის პირობებში ნებისმიერი დამატებითი დანახარჯი დიდი წნეხი იქნება.

,,პანდემიის დრო გავიხსენით და ვართ კვების იმ სფეროში, რომელზეც მოთხოვნა ყოველთვისაა, ყოველდღიური სწრაფი კვება მათ შორის ქართული ცომეული. იმის გამო, რომ ძალიან ბევრი რამ დაიკეტა და მობილობაც შემცირდა, ბუნებრივია შემცირდა ჩვენი რეალიზაციაც. პატარა და ახალი ბიზნესისათვის კი რთულია ისე გადალაგება, რომ გატანის სერვისზე იმუშაოს. თუმცა, ამასაც ვახერხებთ, ჯერ საკუთარი რესურსით, რადგან კადრს ვერ ვიმატებთ.

როცა იმატებს თვითღირებულება, ძვირდება სერვისის. ეს ცალსახაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინვენტარის დიდი ნაწილი ელექტრო ენერგიაზეა, კომერციულ გაზზე ტარიფის მატება ჩვენს ობიექტზეც მაინც მძიმედ აისახება. ასახვას კი ყველანი ვნახავთ, უფრო მეტად გრძელვადიან პერიოდში როგორც ცალკეულ ბიზნესებზე, ასევე მომხმარებელზეც“,-ამბობს ,,ღუმელიდან“-ის მფლობელი ლანა ლაგვილავა.

ცნობისთვის, დედაქალაქში კომერციული გაზის ღირებულება ბოლოს 2019 წლის 4 თებერვალს გაიზარდა 0.805 თეთრიდან 0.860 თეთრამდე. 2021 წლის 3 იანვრიდან კი კომერციული გაზი „თბილისი ენერჯის“ მომხმარებლებს ერთ კუბურ მეტრზე 1,1 ლარამდე ეზრდებათ.

თამარ მუკბანიანი