ქვეყანაში ამ ორი თვის განმავლობაში, რაც შეზღუდვები იმოქმედებს, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო სწრაფად გაფართოვდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია და გეგმა არსებობს.
"ადამიანები, რომლებიც არიან მსუბუქი და უსიმპტომო, არ მიდიან გამოსაკვლევად და ამავდროულად გმავრცელებლები არიან, უნდა მოხდეს, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე მათი გამოვლენა და იზოლირება. ანუ ეპიდემიის გავრცელების ე.წ. ჯაჭვი რომ გავწყვიტოთ, ყველა ინფიცირებულის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა უნდა მოხდეს. ესაა ძირითადი მიზანი, რატომ უნდა გაფართოვდეს კიდევ უფრო სწრაფად ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ამ ორი თვის განმავლობაში რაც შეზღუდვები იმოქმედებს - დეკემბერი -იანვარი ქვეყანაში მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს პროცესი გაფართოვდეს. უკვე ამის გეგმა არსებობს, დაახლოებით ახლა გვაქვს 350000-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომელსაც ვიყენებთ. მოგეხსენებათ, ყოველდღიური მაჩვენებელი ახლა სადღაც 3000-3500-ის ფარგლებში გვაქვს, წინა დადგენილებით ის პისიარის დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას გაუთანაბრდა. ანუ ანტიგენით გამოვლენილი შემთხვევა უკვე აღარ ექვემდებარება გადამოწმებას, როგორც ეს გაზაფხულზე ხდებოდა", - განაცხადა გამყრელიძემ.