აუდიტის სამსახური - 8 თვეში სახელმწიფო ვალის დაფარვაზე 2.3 მილიარდი ლარი დაიხარჯა

2020 წლის 8 თვეში სახელმწიფო ვალის დაფარვაზე 2.3 მილიარდი ლარი დაიხარჯა,-ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე მოხსენებაშია აღნიშნული.

მოხსენების თანახმად, 2020 წელს სახელმწიფო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გაწეული ხარჯების უდიდესი ნაწილი (65%) საშინაო ვალზე მოდის. კერძოდ, 8 თვის მდგომარეობით, საშინაო ვალზე დარიცხულ პროცენტზე გაწეულმა ხარჯმა 286.3 მლნ ლარი, ხოლო ძირი თანხის დაფარვის მაჩვენებელმა 1.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, საგარეო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე 803 მლნ ლარი დაიხარჯა.

წლიური გეგმის თანახმად, მიმდინარე წლის განმავლობაში სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე ჯამში 3.5 მლრდ ლარი დაიხარჯება.