Salesforce მესინჯერს Slack-ს 27,7 მილიარდ დოლარად ყიდულობს

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე ღრუბლოვანი სერვისის სფეროში Salesforce კომპანიას Slack Technologies შეიძენს, რომელიც თავის მხრივ, ფლობს მესინჯერს Slack. ეს შენაძენი კომპანიას Salesforce 27,7 მილიარდი დოლარი დაუჯდება და გახდება ყველაზე მასშტაბური შენაძენი მისი არსებობის განმავლობაში - წერს The Wall Street Journal.

შეთანხმება ითვალისწინებს Slack-ის აქციონერებისთვის 26,79 მილიარდი დოლარის გადახდას ფულადი სახით და Salesforce-ის 0,0776 ჩვეულებრივი აქციის გადაცემას. ჯამში შეთანხმების ღირებულება გამოდის 27,7 მილიარდი დოლარი. კონტრაქტის საბოლოო შეთანხმება მომავალი ფინანსური წლის მეორე კვარტალში მოხდება.

Slack და Salesforce-ის შეთანხმების შესახებ პირველი ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. ამ ხნის განმავლობაში კი Slack Technologies-ის კოტირებები 47%-ით გაიზარდა, ხოლო Salesforce-ის ფასიანი ქაღალდების ფასმა 10%-ით იკლო. 1 დეკემბერს Salesforce-ის აქციები 1,8%-ით გაიაფდა, ხოლო Slack Technologies-ის 2,2%-ით გაძვირდა.

როგორც WSJ წერს, 21 წლის წინ Salesforce-ის დაარსების დღიდან მისი დამფუძნებელი მარკ ბენიოფი ცდილობს, ის ბიზნესისთვის ტექნოლოგიების მიმწოდებელი მრავალპორტფელური კომპანია გახადოს. Slack Technologies-ის შეძენა კი ამ მიზნისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.

„ორივე კომპანიისთვის შესაძლებლობები უზარმაზარი ხდება, ეს არის ყველაზე სტრატეგიული კომბინაცია პროგრამული უზურნველყოფის ისტორიაში“ - აცხადებს Slack-ის დირექტორი სტიუარტ ბეტერფილდი.

შეთანხმების შედეგად Salesforce გაიძლიერებს პოზიციებს Microsoft-თან კონკურენციაში, რომელიც ავითარებს საკუთარ მესინჯერს Team, ასევე Google-თან, რომელსაც აქვს Hangouts.

Salesforce მომხმარებელთან ურთიერთობის მართვაში გლობალური ლიდერია, რომელიც კომპანიებს აახლოებს საკუთარ მომხმარებელთან. კომპანია 1999 წელს დაარსდა და ის შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ზომის თუ ინდუსტრიის ორგანიზაციას, ისარგებლოს ისეთი ინსტრუმენტებით როგორციაა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, რათა დიდმა კომპანიებმა შეძლონ მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროებების 360 გრადუსით დანახვა.

კოკა კვირკველია