„თვითონ ხორბლის მწარმოებელ ქვეყნებში მიდის ანალოგიური პროცესი და იქ ძვირდება სხვადასხვა სახეობის პური. შეუძლებელია, რომ საქართველომ შეძლოს აბსოლუტურად ყველა სეგმენტის თანაბრად დაცვა“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მიერ გაზაფხულზე დასუბსიდირებული ფქვილისგან განსხვავებით, მეორე ეტაპზე პურის, კერძოდ, კი ქარხნული (ძირის პური, ქვის პური და აშ.) პროდუქტის დასუბსიდირება მოხდა. შესაბამისად, ფასი არ გაიზრდება მასიური მოხმარების პურზე. რაც შეეხება ისედაც სხვა საფასო პოლიტიკის პროდუქტს, ლოგიკურია, რომ გაძვირდეს.
„მთელ მსოფლიოში საქმე გვაქვს ხორბლის ფასის არნახულ ზრდასთან. ბოლო 5 წელიწადში ასეთი რეკორდული ზრდა თითქმის, არ ყოფილა. მითუმეტეს, არ ყოფილა ჩვენ სივრცეში.
მე შევეცდები განვმარტო, პურის დღევანდელი სუბსიდირება რითი განსხვავდება ხორბლის იმ სუბსიდირებისგან, რომელიც იყო გაზაფხულზე. თქვენ იცით, გაზაფხულზე პრობლემა იყო ხორბლის მარაგების შევსებაზე, რომ ქვეყანაში ყოფილიყო სტაბილური მარაგები და ამავე დროს, მთლიან მოცულობაზე შენარჩუნებულიყო სწორი საფასო პოლიტიკა. ჩვენ ეს შევძელით, საკმაოდ სოლიდური ხარჯი იყო ბიუჯეტიდან. ერთი თვის მარაგზე ეს იყო დაახლოებით, 4,5 მლნ ლარი. შესაბამისად, მთლიანი სეგმენტი იყო დაზღვეული, რომ არც მარაგებს შექმნოდა საფრთხე და არც საფასო პოლიტიკა შეცვლილიყო.
მიმდინარე ეტაპზე, გაზაფხულისგან განსხვავებით, რადიკალურად უფრო მაღლი ფასებია ხორბალზე. რა თქმა უნდა, შეუძლებელი გახდა ყველა მიმართულებით სუბსიდირება, მაგრამ სახელმწიფომ გამონახა რესურსი და პურის წარმოებაში ის ძირითადი სასაქონლო ჯგუფი, რომელიც არის ე.წ ქარხნული პური (იქნება ეს ძირის პური, თუ ქვის პური), რასაც მოიხმარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, სწორედ ამ სეგმენტისთვის მოხდეს ფქვილის სუფსიდირება (ერთი ტომარის ფასი 53 ლარის დონეზე). რათა პურის საცხობმა, მაგალითად, „იფქლმა“ ან რომელიმე დიდმა პურის საცხობმა ერთი ტომარა ფქვილი შეიძინოს 53 ლარად. ამის მერე პურის საცხობები იღებენ ვალდებულებას, რომ პროდუქტის ფასის ზრდა არ მოხდეს. შესაბამისად, ამ სეგმენტში პურის ფასის ზრდა არ მომხდარა და უახლოესი 4 თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, არც მოხდება. იმიტომ, რომ ეს პროგრამა ეხება სწორედ 4 თვეს. ეს რომ გადავიყვანოთ გარკვეულ მოცულობებში, საქართველო მთლიანად თვის განამვლობაში მოიხმარს 30 000 ტონა ფქვილს, რაც არის დაახლოებთ, 40 000 ტონა ხორბლის ექვივალენტი. ჩვენ ამ სუბსიდირების მექანიზმის ქვეშ მოვაქციეთ ფქვილის ის რაოდენობა, რომელიც სჭირდება ქარხნული, მასიური პურის წარმოებას. დაახლოებთ, 10 000 ტონა ფქვილზე მაქვს საუბარი. ეს არის მთლიანი მოხმარების 1/3. შესაბამისად, მასიური მოხმარების პურის ფასი იქნება დაცული.
რაც შეეხება სხვა სეგმენტის პურს, რომელიც ისედაც სხვა საფასო პოლიტიკაში და კომფორტის ზონა იყო ამა თუ იმ მომხმარებლისთვის, სხვა დატვირთვას ატარებდა. მაგალითად, გაზაფხულზე, დაწყებული სახაჭაპურე ფქვილიდან, დამთავრებული საკონდიტროში მოხმარებული ფქვილით, ერთნაირად იყო დაცული. თუმცა, დღეს არის სხვა რეალობა, ეს არ არის საქართველოში წარმოქნილი საფუძველი, ეს არის მსოფლიო ეკონომიკიდან გამომდინარე და ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში მიდის ანალოგიური ტენდენცია. თვითონ ხორბლის მწარმოებელ ქვეყნებში მიდის ანალოგიური პროცესი და იქ ძვირდება უკვე სხვადასხვა სახეობის პური. შეუძლებელია, რომ საქართველომ შეძლოს აბსოლუტურად ყველა სეგმენტის თანაბრად დაცვა. ჩვენ როგორც იყო დაპირება და დადგენილება, ვიცავთ იმ მასიური მოხმარების პურის სეგმენტს. რა თქმა უნდა, დანარჩენ სეგმენტზე იქნება გარკვეული ფასთა მატება, თუმცა ესეც გამომდინარეობს სწორედ იმით, რომ ჩვენ ძირითად წარმოებას ვინარჩუნებთ არსებულ საფასო პოლიტიკაზე. ახლა დანარჩენ სახეობაზე მატება 10-თეთრიანი იქნება თუ 15-თეთრიანი, რაღაც სეგმენტი ბუნებრივია, გაცნობიერებულია, რომ იქ მოხდება მატება. თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, თვეში 26-30 მლნ ერთეული პური დაცული იქნება ყოველგვარი გაძვირებისგან“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.