ბაზარზე შესაძლოა, ნივრის დეფიციტი შეიქმნას - ქვეყნები, საიდანაც საქართველო პროდუქტს ყიდულობს

მსოფლიო ბაზარზე ნივრის ფასი სულ უფრო იზრდება. განსაკუთრებით, ევროპაში. როგორც East fruit წერს, მიმდინარე წელს ესპანეთში მოსავალი ამინდმა მძიმედ დააზარალა, რის გამოც წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა.

AgroPortal.ua Freshplaza-ზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ფონზე, პროდუქტზე მოთხოვნა განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში გაიზარდა. კერძოდ, კანადაში - 2-ჯერ, აშშ -ში კი, 70%-ით.

გამოცემის ცნობით, ასეთ რეალობაში, შესაძლოა, სულ მალე ნიორზე გლობალური დეფიციტი შეიქმნას.

ამერიკელი ტრეიდერების შეფასებით, წელს ჩინეთისგან, ესპანეთის, არგენტინის, პერუსა და მექსიკისგან კონკურენცია მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ნივრის მოსავალი 20-25% -ით გაიზარდა, ექსპორტის მიმართულებით სერიოზული პრობლემები აქვს. ამასთან, რთული ვითარებაა ნიდერლანდების ნივრის ბაზარზე. მოსავალი 45%-ით შემცირდა ესპანეთშიც, ხოლო არსებული მარაგი არ არის უმაღლესი ხარისხის.

ამერიკის მხრიდან დიდი მოთხოვნების გამო, ნივრის ფასები ჩილეში, არგენტინასა და მექსიკაში სწრაფად გაიზარდა.

”ვფიქრობთ, რომ როდესაც ევროკავშირში ცივი ამინდები დაიწყება, იმპორტიორების მარაგი ამოიწურება და დეფიციტი შეიქმნება“, - აცხადებენ ექსპერტები.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის და რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს ნიორს საქართველო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 10 თვეში (იანვარი-ოქტომბერი) ქვეყანამ 1,910 ტონა (1,118 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,223 ტონა (710.7 ათასი დოლარი).

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველო ნივრის იმპორტს ახორციელებს, ასე გამოიყურება:

  • ჩინეთი - 1,748 ტონა
  • ირანი - 97.77 ტონა
  • ეგვიპტე - 36.31 ტონა
  • უკრაინა - 20.20 ტონა
  • სომხეთი - 6.26 ტონა
  • ნიდერლანდი - 1 ტონა
ნინი ქეთელაური